ამერიკელი სენატორები თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ

რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიიდან ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს ითვალისწინებს. მიზეზი ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებაა.

დოკუმენტის ერთ-ერთი შემქმნელი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემია. მან მიკრობლოგ “ტვიტერზე” განმარტა, რომ თავის დემოკრატ კოლეგასთან, კრის ვან ჰოლენთან ერთად მუშაობდა და ამიტომ, სავარაუდოდ, კანონპროექტს კონგრესში ორივე მხარე მხარს დაუჭერს.

პროექტი თურქეთის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრების აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. დოკუმენტის თანახმად, შესაძლოა შეერთებულ შტატებში ვიზიტებისთვის კონკრეტულ პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდეთ.

ასევე დაგეგმილია შემაკავებელი ზომები ენერგეტიკისა და სამხედრო სექტორებისთვის.

თავდაცვის სექტორში გათვალისწინებულია სანქციები იარაღისა და აღჭურვილობის საკითხზე. კერძოდ, ნახსენებია თურქეთის საჰაერო ძალებისთვის თვითმფრინავების ან სათადარიგო ნაწილების გაყიდვა. ასევე სანქციებმა შეიძლება მოიცვას თურქეთის საზღვაო ძალებისა და სახმელეთო ჯარების მარაგი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი ზომები შესაძლოა „ნებისმიერი უცხო პირის მიმართ“ მიიღონ.

9 ოქტომბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სირიაში თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ოპერაცია ქურთისტანის მუშათა პარტიისა (PKK) და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგაა მიმართული. ოპერაციის სახელწოდებაა “მშვიდობის გაზაფხული” ((«Peace Spring»).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...