ამერიკელი ექსპერტი: იმედია, საქართველო მოთმინებით ელოდება ნატოში საბოლოო გაწევრიანებას

თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში საქართველოში ამერიკელი ექსპერტები იმყოფებიან. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უწყებაში გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტის ცენტრის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსებისა და გეოპოლიტიკის საკითხებში უფროს მკვლევართან, დოქტორ არიელ კოენთან და დევისის ინსტიტუტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტ ლიუქ კოფისთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე თანამშრომლობის ფორმები და შესაძლებლობები იყო. თინათინ ხიდაშელმა ექსპერტებს ნატოში ინტეგრაციის პროცესში ქართული მხარის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებისა თუ პერსპექტივების შესახებ საქართველოს მთავრობის ხედვა წარუდგინა.

ამერიკელი მკვლევარები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ელემენტების განხორციელების პროცესით დაინტერესდნენ და აღნიშნეს, რომ უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაცია საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას დააჩქარებს. ამერიკელ მკვლევარებთან შეხვედრები თავდაცვის მინისტრმა შეაფასა:

„არიელ კოენი და ლიუქ კოფი საქართველოს ძალიან დიდი მეგობრები არიან. წლების განმავლობაში ისინი ვაშინგტონში სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ და დღესაც ჩვენს გვერდით დგანან ყველა იმ გამოწვევის თუ სირთულის ფონზე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან ვიმეგობროთ, იმეგობროს ქვეყანამ და მუდმივად გვყავდნენ, როგორც ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველები ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში.

ჩვენ ვისაუბრეთ თანამშრომლობის ფორმებზე, განსაკუთრებით დროის ამ მონაკვეთში – ვარშავის სამიტამდე. მათგანაც მივიღეთ რჩევები. ასევე ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ ორმხრივ თანამშრომლობაში შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს თემატიკა კიდევ უფრო მეტად და აქტიურად ისმოდეს ვაშინგტონში.“

დოქტორი არიელ კოენმა საერთაშორისო არენაზე არსებული გამოწვევების ფონზე თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში თავდაცვის მინისტრის მუშაობა დადებითად შეაფასა:

„ვულოცავ საქართველოს და თავდაცვის მინისტრს უმთავრესი უსაფრთხოების კონფერენციის ჩატარებასა და ამ ტრადიციის გაგრძელებას. ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია უმასპინძლოს ისეთ ფორუმს, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტები და ლიდერები იკრიბებიან და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა თუ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოში. დღეს კონფლიქტები არსებობს სირიაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. საქართველო კი სწორედ ირანს, თურქეთსა და რუსეთს შორის მდებარეობს. საქართველოს სჭირდება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ნატოსთან. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ალიანში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის მისი უსაფრთხოების, ეროვნული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, საქართველოს ძალიან გაუმართლა, რადგან ჰყავს ისეთი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ეს ყველა ღირებულება კარგად აქვს გაცნობიერებული და ამ მიზნების მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებს.“

„საშუალება გვქონდა გვესაუბრა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე და იმ აუცილებლობებზე, რაც საქართველოს ნატოში საბოლოო ინტეგრაციისთვის ესაჭიროება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერს მხარს. პირადად მე, მსურს ყველა დავარწმუნო, რომ ეს არა მხოლოდ ალიანსის ან ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაა სწორი გზა, არამედ ქართველი ხალხისთვისაც. იმედი მაქვს, საქართველო და ქართველი ხალხი მოთმინებით ელოდება ნატოში საბოლოო გაწევრიანებას. დარწმუნებული ვარ, ეს დღეც მოვა,“ – განაცხადა ლიქ კოფიმ.

არიელ კოენი და ლიუქ კოფი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უსაფრთხეობისა და თავდაცვის საკითხებზე მუშაობენ. ამერიკელი ექსპერტები კარგად იცნობენ საქართველოს და დიდი ხანია ქვეყნსი სუაფრთხეობის გარემოსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესს იკვლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად