ამერიკამ ახლო აღმოსავლეთში 3000 სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა

აშშ-ს სამხედრო სარდლობამ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 სამხედრო მოსამსახურის გადასროლა გადაწყვიტა,-ინფორმაციას ტელეკომპანია NBC სიტუაციასთან დაახლოებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია საჰაერო სადესანტო ჯარების მებრძოლებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინაში იმყოფებოდნენ. ზოგიერთი მათგანი ქუვეითში გაემგზავრება, ზოგი კი ერაყში. დადგენილია, რომ ეს ძალები ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 60 დღე დარჩებიან.

ამრიგად, ამ რეგიონში სულ 3,6 ათასზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი განლაგდება.

გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მიიღეს, რომ ბოლო დროს დემონსტრანტების მიერ ბაღდადში, აშშ-ს საელჩოზე თავდასხმები გახშირდა.

როგორც ვაშინგტონში აცხადებენ, სამხედროების გაგზავნას საერთო არაფერი აქვს ერაყში აშშ-ს სამხედროების მიერ ირანის სპეცსამსახურების მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაციასთან.

ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი, გენერალი კასემ სულეიმანი ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად დაიღუპა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული თავდასხმისას ირანის ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია “აშშ-ს მიერ საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებაა”.

ასევე, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის, კასემ სულეიმანის ლიკვიდაცია შურისძიების გარეშე არ დარჩება. მან ბრიგადის გენერალი ისმაილ ქაანი ისლამური რევოლუციური კორპუსის (IRGC) სპეციალური ძალების ახალ მეთაურად დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...