ამერიკამ ნიკოლას მადუროს რეჟიმთან დაკავშირებულ 600-ზე მეტ მაღალჩინოსანს ვიზა გაუუქმა

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის რობერტ პალადინოს განცხადებით, ამერიკამ ბოლო თვეებში ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმთან დაკავშირებულ 600-ზე მეტ ადამიანს ვიზა გაუუქმა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური იტყობინება.

„აშშ კორუფციაში ჩართული პირების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესებას განაგრძობს.
ჩვენ ამ პოლიტიკას მრავალი თანამდებობის პირისა და მათი ოჯახის წინააღმდეგ ვახორციელებთ, რომლებიც მადუროს რეჟიმთან არიან დაკავშირებულნი”, – განაცხადა პალადინომ.

მან განმარტა, რომ 11 მარტიდან ამერიკამ 340 ვიზა გააუქმა, მათ შორის 107 ნიკოლას მადუროს რეჟიმთან დაკავშირებულ პოლიტიკოსი და მათი ოჯახის წევრია.
2018 წლის მაისში ვენესუელაში სახელმწიფო მეთაურის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცესკო-ს მონაცემებით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხმათა დაახლოებით 70% მოიპოვა, მაგრამ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

იანვარში, ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა, აშშ, კანადა, ავსტრალია და ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...