ალუდა ღუდუშაური კაზინოების აკრძალვის ინიციატივაზე: „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რეალობას თვალი გაუსწოროს

„გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და თვალი გაუსწოროს, ეს არის დემოკრატია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ონლაინ კაზინოების შესაძლო აკრძალვის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ოპონენტები, ვინც აქამდე კონკრეტულ გეგმასაც კი სახავდნენ, როგორ უნდა აკრძალულიყო ეს, დღეს ჩემდა გასაოცრად ასეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებაშიც კი ცდილობენ, რომ რაიმე ისეთი იპოვონ, რომელიც არ მოუტანს არც პოლიტიკურ დივიდენდებს და მით უმეტეს, ჩრდილს ვერ მიაყენებენ ასეთ კარგ ინიციატივას. არაერთ ქვეყანაში ეს არის აკრძალული და ეს ძალიან კარგად იციან.

თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიების ეპოქაში, როგორ შეიძლება ეს აიკრძალოს, ამის გადაზღვევა და ჩაკეტვაც სავსებით არის შესაძლებელი – ესეც კარგად იციან, უბრალოდ აქ მოცემულობა არის შემდეგი: რა უყონ ადამიანებმა იმ სუბიექტურ მეს, რომელსაც ვერაფრით ვერ გადააბიჯეს და ვფიქრობ, ეს არის უაღრესად საინტერესო, საჭირო რეგულაცია. ჰოი საოცრებაც, როგორც ჩანს, აქაც კი, გამოჩნდნენ ადამიანები. როდესაც ქვეყანა დემოკრატიულად იმართება, აქ საუბარი არ არის პროცენტ-ნახევრიანი, ან გნებავთ სამპროცენტიანი პარტია რას იტყვის, აქ არის გადამწყვეტი ქვეყნის ინტერესები და ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი. ამიტომ, მე, თქვენ, „გირჩი“ იქნება, ნაძვის ხე თუ ნებისმიერი სხვა ალვის ხე, მოუწევს, რომ ამ რეალობას შეხედოს და თვალი გაუსწოროს, ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას გეგმავს.

კომენტარები
იტვირთება...