ალექსეი ნავალნის დევნის გამო, აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს დაუწესებს ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის და დაპატიმრების გამო. ტელეკომპანია CNN-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ სანქციებს ამ კვირაში მიმართავს ევროკავშირთან შეთანხმებით და “შავ სიაში” აღმოჩნდებიან რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირები.

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია დღეს, 2 მარტს დაასახელებს კონკრეტულ პირებს, რომელთა წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება. დღესვე ასეთ სიას გამოაქვეყნებს ევროკავშირი.

“კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს, 18 იანვარს კი 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს.

2 თებერვალს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ე.წ. “ივ როშეს” საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და 2,5 წლით გაგზავნა საერთო რეჟიმის კოლონიაში.

სასამართლომ განაჩენი გამოიტანა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ნავალნიმ დაარღვია პირობითი სასჯელით დაკისრებული ვალდებულებები. 2 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე გამოსვლისას ალექსეი ნავალნიმ მის მოწამვლასა და პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლებრივ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პირადად პრეზიდენტი პუტინი. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის ბრალდებებს უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...