ალექსანდრე ბარამიძე: იუსტიციის საბჭომ საზოგადოებას გამოწვევა გაუკეთა და ხელთათმანი ესროლა

“იუსტიციის საბჭომ საზოგადოებას გამოწვევა გაუკეთა და ხელთათმანი ესროლა, ხოლო დეპუტატებიც ამ საზოგადოების ნაწილია”, – ასე პასუხობს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე “აიპრესის” კითხვას იმაზე, რას უკავშირებს იმას, რომ პარლამენტმა უზენაესის მოსამართლეების კანდიდატების განხილვა შეაჩერა, მაშინ როცა სხვა მოლოდინი არსებობდა.

“იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრაქტიკულად გამოწვევა გაუკეთა მთელ ქართულ საზოგადოებას. ქართულ საზოგადოებაში მიდის წუხილი იმის თაობაზე, რომ ამ კლანს ხელში აქვთ ჩაგდებული სასამართლო ხელისუფლება. ამას აკლდა მხოლოდ უზენაესი და ახლა იქაც უნდოდათ თავიანთი თავის და თავიანთი გუნდის წევრების გაყვანა. ეს იყო ხელთათმანი ნასროლია ქართული საზოგადოების მიმართ და უმრავლესობის დეპუტატებიც ასე თუ ისე ქართული საზოგადოების ნაწილია. ზოგს არანაირი პრინციპი არ აქვს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც ყველაფერზე წამსვლელები არ არიან. ამ 2 დღის განმავლობაში მოვისმინეთ უმრავლესობის არაერთი დეპუტატის განცხადება, რომ ის არ დაუჭერს მხარს ამ სიას. აქედან გამომდინარე ეს თავხედური გამოწვევა, ბევრისთვის მოულოდნელად. მათ შორის “ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. მე ასე ვხედავ ამას.

მეორე მხრივ, ეს განვლილ არჩევნებსაც უკავშირდება. არჩევნები რომ არ ყოფილიყო ისეთი როგორიც იყო, ანუ როცა პირველ ტურში “ოცნების” კანდიდატმა” ფაქტობრივად ვერ გაიმარჯვა, ხოლო მეორე ტურში კი ყველაფრის მობილიზების, მათ შორის უკანონო მოქმედებების – ხმების მოსყიდვის და ა. შ. “ოცნების” კანდიდატმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ვაი ამ გამარჯვებას. ამ ფონზე “ოცნების” დეპუტაციის ბევრ წევრს ალბათ უჩნდება კითხვა, რომ კი მაგრამ, რას უნდა მოვაწერო ხელი, რაზეც პასუხი უნდა ვაგო შთამომავლობის წინაშე?! მით უმეტეს, რომ კენჭისყრა ღია იქნება. არ ვიცი, რატომ გამორჩათ, მაგრამ უზენაესის მოსამართლეების არჩევისას კენჭისყრა ღიაა, განსხვავებით გენერალური პროკურორის არჩევისა და საკონსტიტუციო მოსამართლეების არჩევისგან და რამდენიმე სხვა თანამდებობისგან, რომელთა არჩევისას კენჭისყრა ფარულია. აქედან გამომდინარე ამას ვერავინ ვერ ამოეფარება და ვიღაცებს გაუჩნდება პროტესტი, რომ “კი მაგრამ ჩინჩალაძე-მურუსიძის არჩევას დავუჭირო მხარი?!”- გვითხრა ალექსანდრე ბარამიძემ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად