ალექსანდრ ლუკაშენკო ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დეტალებზე საუბრობს

7 თებერვალს, სოჭში, კრასნაია პალიანაში, საპრეზიდენტო რეზიდენციაში “ბოჩაროვ რუჩეი”, ვლადიმერ პუტინს და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკება გაიმართა.

უკანასკნელ პერიოდში ენერგომატარებლების მიწოდების მოცულობის და ფასების საკითხებზე შეუთანხმებლობამ ბელარუსს და მოსკოვს შორის ურთიერთობის აქამდე არნახული დაძაბულობა გამოიწვია.
 
ბელარუსი ენერგომატარებლებზე მთლინად რუსეთზე იყო დამოკიდებული და რუსეთის მიერ ბელარუსისთვის მისაწოდებელ ნავთობპოდუქტებზე ფასების შემოვლითი მანევრით აწევამ, აგრეთვე ბუნებრივი აირის  მოცულობის და ფასების შესახებ გაურკვევლობამ, ბელარუსი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.
 
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გაჩერების თავიდან ასაცილებლად ბელარუსი იძულებული გახდა ნავთობპროდუქტების მიმწოდებლები სასწრაფო წესით გამოეძებნა და მან ეს ნაწილობრივ შეძლო კიდევაც:  ლიეტუვას საპორტო ქალაქ კლაიპედას გავლით ნორვეგიული ნავთობის მიიღო.
 
ამის შემდეგ ბელარუსში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ მზად არის უზრუნველყოს ნავთობით ბელარუსი კონკურენტულ ფასებში და 100%-ით.
 
ბელარუსის მიერ ნავთობის შესყიდვის ალტერნატიული გზების ძიებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეზიდენცია “ბოჩაროვ რუჩეი”-ში გამართული მოლაპარაკება მოყვა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკების პროცესში რუსეთი დათანხმდა ბელარუსისთვის ბუნებრივი აირის  2019 წლის ანალოგიური პირობებით (127 დოლარი 1000 კუბურ მეტრში) მიწოდებას, მაგრამ არ დაეთანხმა ბელარუსის მხარეს, ემსჯელა ნავთობის ფასის შესახებ იმ მოტივით, რომ ფასის განსაზღვრა მიმწოდებელი ნავთობკომპანიების პროროგატივაა და სახელმწიფო საფასო პოლიტიკაში არ ერევა.
 
დღეს, მოლაპარაკების დასრულებიდან ერთი კვირის თავზე, გომელის ოლქის ქალაქ სვეტლაგორსკის ცელულოზა-მუყაოს კომბინატის კოლექტივთან შეხვედრის დროს, ბელარუსის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების დეტალებზე ისაუბრა.
 
ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკების ფორმა არასტანდარტული იყო. პრეზიდენტები ერთმანეთს საუზმეზე შეხვდნენ და ამ ფორმატში მოლაპარაკება საათნახევარი გრძელდებოდა. “განვიხილეთ ყველაფერი, ძალიან შორი დროიდან მოყოლებული”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ ჯერ კიდევ სოჭში შეხვედრის შედეგებზე საუბრისას. ამჯერად კი პრეზიდენტმა განმარტა, რომ განხილვა გასული საუკუნის შუა პერიოდის პრობლემებით დაიწყეს, შემდეგ მხარეები შეეხნენ თანამედროვე გამოწვევებს თავინთ რეგიონში და მსოფლიოს სხვა კუთხეებში, მათ შორის სიტუაციას უკრაინაში. “დაზარალდნენ ჩვენი ადამიანები. ომი აბსოლუტურად სულელურია, უაზროა, ძმათამკვლელია. ეს არ უნდა მომხდარიყო”, – ხაზგასმით აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა.
 
“ჩვენ ყველაფერს განვიხილავდით, შეხედულებებს ვაჯერებდით. მე, რა თქმა უნდა, აკურატულად მიმყავდა საუბარი იქეთკენ, რომ ერთად ჩვენი ბევრი გავაკეთეთ. ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა. მე მას შევახსენე, რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი სოფელი გადაიწვა მაცხოვრებლებთან ერთად. მან თქვა იმის შესახებ, რომ პრაქტიკულად 70% დანაკარგი – რუსები არიან”, – გაამჟღავნა მოლაპარაკების დეტალები ლუკაშენკომ.
 

შემდეგ ლიდერები შეეხნენ თანამშრომლობას საბჭოეთის წლებში და მივიდნენ სანავთობო სფეროში დღეს არსებულ პრობლემებამდე. ” მე შევახსენე, რომ ნავთობმომპოვებელ, გაზმომპოვებელ ჭაბურღილებზე მიფრინავდნენ თვითმფრინავები გომელიდან, ვიტებსკიდან, მოგილიოვიდან და მინსკიდანაც კი. ის, რასაც ჩვენ ვბურღავდით და ვქმნიდით საბჭოეთის დროს, ერთ ღამეში აღმოჩნდა უცხო  და ჩვენ დღეს იძულებულები ვართ ეს პროდუქცია მსოფლიო ფასებში შევისყიდოთ, რუსეთი კი თავისთან მას ნახევარ ფასში ან სულაც მესამედში ჰყიდის”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად