ალექსანდრ ლუკაშენკო: ბელარუსი რუსეთს ნავთობისთვის არ დაუჩოქებს

ბელარუსი გააგრძელებს ნავთობის სხვა ქვეყნებში შესყიდვას, თუნდაც მას ეს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე უფრო ძვირი დაუჯდეს.

ბელარუსის საინფორმაციო სააგენტო Belta-ს ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ დღეს, სვეტლოგორსკის ცელულოზა-მუყაოს კომბინატის კოლექტივთან შეხვედრის დროს, განაცხადა.
 
ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, სოჭში მოლაპარაკების დროს რუსეთის პრეზიდენტმა ეჭვქვეშ დააყენა, რომ ბელარუსი გააგრძელებდა სხვა ქვეყნებში ნავთობის შესყიდვას. “რატომ გააკეთებთ თქვენ ამას, თუ ის (სხვა ქვეყნების ნავთობი – “აიპრესი”) მაინც უფრო ძვირია რუსულზე?” – მკითხა მან
 
სვეტლოგორსკის ცელულოზა-მუყაოს კომბინატის წინაშე ალექსანდრ ლუკაშენკოს  განცხადების თანახმად, ბელარუსი გააგრძელებს შესყიდვების დივერსიფიცირებას. ‘”რათა ყოველი წლის 31 დეკემბერს არ იდგეს მუხლებზე.” 
 
რუსული საინფორმაციო საგენტოების ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა გადაკვრით საუბრობს ბელარუსის მიერთებაზე ენერგომატარებლებზე ერთნაირი ფასების სანაცვლოდ. მაგრამ ბელარუსის პრეზიდენტის რწმენით, ორივე ქვეყნის ხალხი არ მოისურვებს ამ გზით წასვლას. კრემლმა ცოტა ხნის წინ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინმა ბელარუსს შესთავაზა ორი ქვეყნის გაერთიანება, რათა შექმნილიყო ზესახელმწიფო და დარჩენილიყო ხელისუფლებაში 2024 წელს პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ როგორც ახალი სამოკავშირეო გაერთიანების ლიდერი.
 

შეგახსენებთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ, სოჭში შედგა მოლაპარაკება ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, რომელზეც მხარებმა მიაღწიეს შეთანხმებას გაზის ფასზე, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ ნავთობის ფასზე. უფრო ადრე ბელარუსმა ნორვეგიული ნავთობი შეისყიდა, მოლაპარაკების წინა დღეებში კი ამერიკის სახელმწიფო მდივანმა პომპეიმ, ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს, განაცხადა ამერიკული მხარის მზადყოფნის შესახებ, მიაწოდოს ბელარუსს იმდენი ნავთობი, რამდენიც მას სურს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად