ალეკო ელისაშვილი: სირცხვილია ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ევროპარლამენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სირცხვილია ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არამხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია”, – წერს ალეკო ელსიაშვილი Facebook ში.

ევროპარლამენტარები საქართველოში პარტიების შეუთანხმებლობის გამო იმედგაცრუებას გამოთქვამენ და ფინანსური დახმარების შეჩერებას არ გამორიცხავენ.

განცხადებას ხელს აწერენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე ვიოლა ფონ კრამონი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

კომენტარები
იტვირთება...