ალეკო ელისაშვილი „ოცნებას“: მიხეილ სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს

„პანდემიის გამო, ათი ათასობით ადამიანი ლუკმა-პურისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც კუნთების თამაშს ვხედავთ. ისე ხართ გართული ცხრა წელი ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ამასობაში ქვეყანა გადაიჩეხა ხრამში. რას აკეთებთ, შედეგი რა არის, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს”, – ასე მიმართა მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა, პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებს.

“ორი დღის წინ, ამ დარბაზში „ქართულ ოცნებას“ მოგიწოდეთ, არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის და ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში, ქვეყანა პრინციპში არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ამ ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება მაშინვე, მაგრამ ჩვენთან წესია ასეთი, რომ ოპოზიციას არ უნდა მოუსმინო, მისი აზრი უნდა დააიგნორო და უფრო მეტიც, უნდა ებრძოლო ან უნდა სცადო, დაიჭირო ოპოზიცია. სამწუხაროდ, აი ეს ძალიან ცუდი, მანკიერი თვისება გადმოიღეთ თქვენ იმ წინა ხელისუფლებისგან, რომელთან ბრძოლაშიც გართული ხართ ცხრა წელია. იმდენად ხართ გართული, რომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენც და ყველაფერი გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, სააკაშვილმა, რომ ასეთი ესკალაცია მომხდარიყო.

გირაოს არ გადახდა, ვერ დამიჭერთ – ერთი მხრიდან ისმოდა, მეორე მხრიდან – დაგიჭერთ, იმუნიტეტს მოგიხსნით, სპეცრაზმის მობილიზებას მოვახდენთ და ამ დროს რა ხდება – ქვეყანა გაღატაკებული, გასაცოდავებული, მიგდებულია. ხომ ნახეთ, რომ პაციენტები გადაჰყავთ ტვირთის გადასატანი მარშრუტკებით და ხალხი კრედიტებს ვერ იხდის, ბინებს გაუყიდიან სულ ცოტა ხანში. პანდემიის გამო, ათი ათასობით ადამიანი ლუკმა-პურისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც კუნთების თამაშს ვხედავთ. ისე ხართ გართული ცხრა წელი ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ამასობაში ქვეყანა გადაიჩეხა  ხრამში. რას აკეთებთ, შედეგი რა არის, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ ეს თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. აი, ეს გინდათ თქვენ და როგორც ჩანს, რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. აქეთ მიგყავთ ყველა პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ორი დღის წინ გითხარით, ნუ დააჭერთ ღილაკს ხელს, პარლამენტი იყოს პარლამენტი და გამოავლინოს თავისი წონა და თავისი ინსტიტუციური ღირსება. არ არის აქ მელიაზე ლაპარაკი, ყველაზე ნაკლებად მე უნდა ვიცავდე მას, მაგრამ ვნახეთ, როგორ დღეშია ქვეყანა, დარცხვენილი, შერცხვენილი პოლიცია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს დილით  შსს-მ ნიკა მელიას განჩინება ნაცმოძრაობის ოფისში მიუტანა, მაგრამ შენობაში არ შეუშვეს

რის შემდეგ უწყებამ განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია: შსს ნიკა მელიას: სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით

მოგვიანებით კი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ.

შეგახსენებთ, გუშინ, 6 საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გუშინ, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...