ალეკო ელისაშვილი: ოპოზიციაში ყველა ერთმანეთს ვლანძღავთ და დალეწილი ვართ

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია არის აბსოლუტურად დანგრეული, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დღესაც მოუმზადებელი მიდის არჩევნებზე.

„ოპოზიციას ვერანაირი საერთო კანდიდატი ვერ ეყოლება. ოპოზიციაში ყველა ერთმანეთს ვლანძღავთ და დალეწილი ვართ. ჩვენ უბრალოდ, გამოვრიცხავთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნოდ რამეზე ლაპარაკს. ჩვენ ჩვენი პარტიული გეგმები გვაქვს, მორჩა და გათავდა. ასე მივდივართ ახლა. მაინც ხომ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა, თავჩაღუნული შემოვიდნენ და ვართ ასე დალეწილ-დანგრეულები. იმიტომ, რომ ჭკუა და გამჭრიახობა არ ეყოთ. რომ ჰკითხო, დიდი ისტორიის პარტიაა, ქვეყანას მართავდნენ და ამის დანახვას რა უნდოდა?!“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ამ მოცემულობაში კახა კალაძეს გამარჯვება არანაირად არ გაუჭირდება.

„ამ მოცემულობაში კალაძეს არანაირად არ გაუჭირდება გამარჯვება. ეს პერსპექტივა სულ არ მეხატება გულზე, რადგან მას სელფის ჯოხით სიარულის მეტი ოთხი წელი არაფერი უკეთებია. ერთადერთი, უბრალოდ, ავტობუსები იყიდა და ისიც, ტრანსპორტის რეფორმა ამას არ ჰქვია. მანამდე, რაღაც სისულელეები აკეთა, გადაათეთრა ეს ტაქსები და არ მინდა, ყველა მანქანაზე ასე ვილაპარაკო, მაგრამ დანჟღრეული „ოპელ ვექტრა“ თეთრი იქნება თუ ჭრელი, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ასეა და დანგრეულები მივდივართ. არ ვიცი, 43%-ს აიღებს თუ არ აიღებს, ეს ახლა მარჩიელობაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, „ოცნებამ“ იცის, რა გააკეთოს და თავისი დღის წესრიგი აქვს, ოპოზიციამ კი საერთოდ არ იცის, ვინ რა გააკეთოს. უბრალოდ, ჩვენ ჩვენი პარტიული ხედვები და გეგმები გვაქვს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...