ალეკო ელისაშვილი: მზად ვარ, აფხაზ ბენურ კვირაიას ქართველებისა და აფხაზების უკეთეს მომავალზე სასაუბროდ ვუმასპინძლო თბილისში

მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სოციალურ ქსელში რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც საქართველოს წინააღმდეგ მეომარი ერთ-ერთი აფხაზი მამაკაცი ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს სვამს, რასაც საზოგადოებაში აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა და თავად მიიჩნევს, რომ ეს დიდი გამბედაობაა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მზად არის, ქართველების და აფხაზების უკეთეს მომავალზე სასაუბროდ მას უმასპინძლოს.

„ალბათ, სოციალურ ქსელებში ცოტა ხნის წინ, რამდენიმე კვირის წინ ყველამ ნახეთ ერთი ვიდეო, სადაც აფხაზი კაცი, ნაომარი, ჩვენ წინააღმდეგ სხვათა შორის, როგორ სვამდა ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს. ბენურ კვირაიაა ეს კაცი, აკუნს ეძახიან, ერთ-ერთი შენაერთის მეთაურიც კი იყო 1992 წელს და იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ და მან სკვერი გააშენა ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სახელზე აძუჟბაში. არ მოერიდა ამის თქმას, ის იყო პრეზიდენტის, იქაური, თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ბჟანიას მრჩეველი. შემდეგ მან გაბედა, აქეთა საქართველოში ჩამოვიდა და ქართველებთან, თავის მეგობრებთან ჰქონდა შეხვედრა. შემდეგ სადღეგრძელოც დალია და ხმამაღლა ისაუბრა ამის შესახებ და უზარმაზარი რისხვაც დაატყდა თავს.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ამ ვიდეომ და მისმა ჩამოსვლამ აქეთ საქართველოში აფხაზეთიდან. რატომ ვყვები ამ ისტორიას, ამასწინ ინტერნეტის მეშვეობით მქონდა საუბარი აფხაზეთის საკითხებით დაკავებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჩახედულ ადამიანებთან. მქონდა პატივი, დავით კვარაცხელია, ბულგარეთში მცხოვრები, სწორედ ის ქართველი კაცი გამეცნო, ასევე ერთ დროს ჩვენი მხრიდან იარაღით ხელში რომ იბრძოდა და მინდა, აქედან მივესალმო ამ ადამიანს, როგორც დავით კვარაცხელიას, ასევე აფხაზს ბენურ კვირაიას და მადლობა ვუთხრა ამ გაბედულებისთვის. განსაკუთრებით აფხაზ კაცს მინდა, მივესალმო, მამის ტოლი კაცი არის, მან კონფლიქტი მოაგვარა. რამ არია კონფლიქტი, ეს არის სიძულვილი ერთმანეთს შორის, ერებს შორის და ჩვენი კონფლიქტი არის, რომ გვძულს ერთმანეთი ჩვენ და აფხაზებს. ამ კაცმა, მეომარმა თავის თავში ეს დაამარცხა, ამას გადააბიჯა და ჩამოვიდა, ხელი ჩამოგვართვა და დაგველაპარაკა, რადგან აწუხებს ის ყოფა, რაც აფხაზეთშია, სიღატაკე და უპერსპექტივობა. უნდა, რომ უკეთეს მომავალზე ვილაპარაკოთ. მე და ლევან იოსელიანი ამ კაცს აქედან მივესალმებით და ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ თბილისში და მასთან ერთად ვისაუბროთ ჩვენი, ქართველების და აფხაზების უკეთეს მომავალზე და ჩვენი ურთიერთობის პერსპექტივაზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...