ალეკო ელისაშვილი: ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უნდობლობას გამოვუცხადებდი, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვა

“ოპოზიციის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება ღიმილისმომგვრელია, რადგან ელემენტარულ უცოდინარობას ნიშნავს, მათ შორის მათემატიკის არცოდნას”.

ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ მთავრობის უნდობლობის გამოცხადება მხოლოდ უმრავლესობის ხმების მეშვეობითაა შესაძლებელი.

„უნდობლობა შეიძლება მხოლოდ უმრავლესობის ხმების მეშვეობით გამოაცხადო. ამიტომ სხვა უფრო ეფექტურ მეთოდებზე უნდა ვიფიქროთ, მათ შორის 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და არ ვხარჯოთ დრო ფუჭ, ამაო ძალისხმევაზე. ერთ-ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას უნდობლობას გამოვუცხადებდი, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვა. შედეგიანი რაღაცები უნდა ვაკეთოთ, ეს შედეგს ვერ მოიტანს, რადგან უნდობლობის გამოცხადებისთვის 76 ხმა არის საჭირო, ოპოზიციას 64 აქვს და ეს ელემენტარული მათემატიკაა – „ქართული ოცნება“ 12 ხმას არც გვასესხებს, არც დაგვითმობს, არც გვაჩუქებს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტში დაიწყოს მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის პროცესი.

„ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ პროცესების მეტად გამწვავება, პარლამენტში დაიწყოს პროცესი მთავრობისადმი უნდობლობის გამოხატვის, შევთანხმდეთ გარდამავალ მთავრობაზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...