სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას თუ აღადგენს, ეს კარგია, რადგან ამ კომისიის გაუქმება ძალიან ცუდი იყო. მის თავმჯდომარედ თუ ეკა ბესელიას დანიშნავს, კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ ეკა ბესელიას დანიშვნა იქნება იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი არ გაქვს. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში საკუთარ თავს, ქვეყანას და პატიმრების ოჯახებს ნუ გახვევს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.