ალაფიშვილი: TBC-ის საქმე გავლენას საინვესტიციო გარემოზეც მოახდენს, ეს აშშ-ის საელჩოს განცხადებაშიც იკითხება

იურისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ TBC-ის საქმე და პარლამენტში დღეს მიმდინარე პროცესები გავლენას არა მხოლოდ რეპუტაციული და იმიჯური თვალსაზრისით იქონიებს, არამედ ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი.

როგორც ალაფიშვილმა “აიპრესს” განუცხადა, ეს გავლენას საინვესტიციო გარემოზეც იქონიებს და ეს აქცენტი ამერიკის საელჩოს განცხადებაშიც ჩანს.

“დღეს მამუკა ხაზარაძემაც განაცხადა და ეს არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების შეფასებებშიც – იქნებიან ევროპელები თუ ოკენის გაღმელები, ჩანს რომ ეს რეალურად არ არის მხოლოდ ერთი რომელიმე ინსტიტუტის თვალსაზრისით რეპუტაციის ან იმიჯის საკითხი. ეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია”, – ამბობს ალაფიშვილი.

კითხვაზე, საინვესტიციო გარემოზე ხომ არ მოახდენს ეს გავლენას, პასუხობს:

“ბუნებრივია. ესეც იკითხება იმ განცხადებაში. თუნდაც აშშ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას დააკვირდით. იქ აქცენტი საინვესტიციო გარემოს მიმართულებითაც არის გაკეთებული. ბევრი აქცენტია გაკეთებული, მათ შორის ესეც. ჩვენ ეს უნდა ავუხსნათ კარგად ჩვენს მოქალაქეებს, როგორი გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა. საკანონმდებლო ორგანომ განხილვა არათუ არ დახურა, არამედ კანონით გათვალისწინებული წესით მოწვეული და დღის წესრიგში შეტაინილ განხილვაზე უარი თქვა. კენჭი უყარეს რომ არ განეხილათ. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავს იწონებდნენ ამ რეგლამენტის მიღებით.

ამ შემთხვევაში პროცედურის თვალსაზრისით რაიმე გამართლების პოვნა უშედეგოა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები დარღვევის მიმართულებით. მაგრამ აქ შინაარსია მთავარი რა ქნა. საპარლამენტო რესპუბლიკაში უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ იმაზე თქვეს უარი, რისთვისაც მათ უპირატესობას ვანიჭებთ. ამომრჩევლებს გვითხრეს, რომ თქვენ მანდატი კი მოგვეცით ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ჩვენი სუბიექტური და ვიწრო პარტიული ინტერესებითვის ვიყენებთ ამ მანდატსო. ეს გვითხრეს დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით დარგობრივი კომიტეტის სდომაზე”, – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოხსენების მოსმენა იყო დაგეგმილი, ორ საკითხზე : 1. ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაციების თობაზე; 2. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე. თუმცა, გუშინ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ ისინი დღეს სხდომაზე არ მოვლენ. მიუხედავად გავრცელებული განცხადებებისა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში მაინც მოვიდა.

ამავე კომიტეტზე დაგეგმილი იყო თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მოსმენა. თუმცა, სხდომა ჩაიშალა, ვინაიდან, უმრავლესობა სხდომის დახურვას მოითხოვდა, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კამათში გადაიზარდა. საბოლოოდ კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ სხდომა ჩაშალა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად