”ალ-ქაიდა” რუსეთსა და აშშ-ს ახალი ტერაქტებით დაემუქრა

დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ლიდერი, აიმან აზ-ზავაჰირი 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აშშ-სა და რუსეთს ახალი თავდასხმებით დაემუქრა. ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

68 წლის აზ-ზავაჰირმა მუსლიმებს მოუწოდა, თავდასხმები შეერთებულ შტატებში, ისრაელში და რუსეთში განახორციელონ, რომელთა ინტერესები, მისი აზრით, მთელ მსოფლიოში ვრცელდება. კერძოდ, მან პალესტინელებს სთხოვა, აშშ-ს მიერ გოლანის მაღლობის აღიარების საპასუხოდ, ისრაელის პოზიციებზე თავდასხმები მიიტანონ.

გარდა ამისა, „ალ-ქაიდას“ მუქარა ამერიკულ ბაზებსაც შეეხო, რომელიც მთელს მსოფლიოშია განლაგებული. ტერორისტების ლიდერმა ასევე „განდგომილები“ გააკრიტიკა, რომლებმაც ციხეში ჯიჰადის იდეაზე უარი თქვეს.

ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში “ალ-ქაიდას” თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია მოხდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...