აკო ახალაია: Cannes Lions მსოფლიოში სარეკლამო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის Cannes Lions-ის ახალგზარდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას. სარეკლამო სფეროს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოვლენას 9 აპრილს ტექნოპარკში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უმასპინძლა.

Cannes Lions-ზე ქართველი კონკურსანტების გამგზავრების მნიშვნელობაზე “აიპრესთან” ფესტივალის წარმომადგენელმა, “მარკეტერის” დირექტორმა, აკო ახალაიამ ისაუბრა.

მისი თქმით, ფესტივალში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ცნობადობის, აგრეთვე სარეკლამო ბაზრის გასაზრდელად.

“კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი უკვე 62 წელია, რაც ტარდება. საქართველო მასში ბოლო ორი წელია, რაც მონაწილეობს.

წელს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით მონაწილეებს ოთხ კატეგორიაში ვუშვებთ. გარდა იმისა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვუს, როგორც ცნობადობის თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია იმტიტომ, რომ გაიზარდოს ბაზარი.

ეს ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები და სარეკლამო სააგენტოები გაიგებენ იმის შესახებ, რომ საქართველოშიც არსებობენ პროფესიონალები, სააგენტოები და კომპანიები, სადაც შეუძლიათ, დაუკვეთონ თავისი რეკლემები, პოსტერები, დიზაინები და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ქართულ სარეკლამო სფეროს გავუჩინოთ ახალი დამკვეთები უკვე მთელი მსოფლიოდან.

რომ შევადაროთ ეს ნიშნავს, რომ ოთხჯერ და ხუთჯერ მეტს იხდიან უცხოეთში იგივე სერვისებში, რაც საქართველოში ძალიან იაფია ამიტომ ეს ყველაფერი არის ის, რომ ყველას ვუთხრათ, იცით, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია, იგივე სამუშაო გავაკეთოთ, რაშიც თქვენ ძალიან ბევრს იხდით და გადმოიტანეთ ეს საქართველოში. ამის მაგალითი არის ბრაზილია და ამის მაგალითია ტაილანდი, რომელმაც სწორედ ასეთი ფესტივალით შეძლო, მიეღო ძალიან ბევრი შეკვეთა.

ჩვენი ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის, რომ ქართული ბაზარი გავზარდოთ უცხოური დამკვეთებით და ვიყოთ მსოფლიოს ნაწილი.

– როგორც ცნობილია, გამარჯვებული კონკურსანტების ხარჯებს სრულად აფინანსებს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო. მარკეტერი რა სახით არის ჩართული ამ პროექტში?

– უმეტესი ხარჯი ანაზღაურებული იქნება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ერთადერთი გამარჯვებულ გუნდებს იქ მოუწევთ თავისი ცხოვრების ხარჯების გადახდა, თუმცა ეს იმასთან შედარებით, რაც ჩაიდო არაფერია.

ამ შემთხვევაში ჩვენ კანის წარმომადგენლობას მარკეტერთან უშუალო კავშირი არაფერი აქვს. ერთადერთი მარკეტერი უწევს ამ ყველაფერს მედია გაშუქებას. როდესაც ჩვენ გვინდოდა, რომ საქართველოში კანის წარმომადგენლობა მიგვეღო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმან, რომ ლევან ლეფსვერიძეს ჰქონდა სააგენტოს მხრივ გამოცდილება და მე მქონდა გაშუქების გამოცდილება. ანუ, კანს უნდა, რომ შენ თუ ხარ წარმომადგენელი რაღაც მხრივ უზრუნველყო ისიც, რომ ეს თემა იყოს პოპულარული. ჩვენ შემთხვევაში ასეც გამოდის.

– საქართველო Cannes Lions-ში მონაწილეობას უკვე მეორე წელია რაც იღებს. წინა წელსაც თუ იყავით ჩართული პროექტში?

– კი, მე და ლევან ლეფსვერიძემ მივიღეთ წინა წელსაც. მაგრამ შარშან კანმა გვითხრა, რომ მხოლოდ ერთ კატეგორიაში შეგვეძლო ჩვენი გუნდი გვეასპარეზებინა. ეს იყო დიზაინის კატეგორია. წინა წელს არ გვყავდა მხარდამჭერი და სპონსორი, ამიტომ ყველა მონაწილემ დადო რაღაც თანხა და გამარჯვებული გუნდი გავუშვით კანში.

წელს უკვე ოთხ გუნდს ვუშვებთ. ერთი, რომ გვაქვს მხარდაჭერა და კანმა გვითხრა, ვნახეთ, რომ თქვენს ქვეყანაში ძალიან დიდია ამ პროექტით დაინტერესებაო. საქართველოში დღეს ასე ხდება, რომ ერთმენეთს ვუფასებთ რაღაცებს და ვეუბნებით, რა მაგარია, რა მაგარი დიზაინია. სინამდვილეში არ არის მაგარი და არ პასუხობს არანაირ თანამედროვე გამოწვევას. კანმა ეს ყველაფერი დაგვანახა. დაგვანახა, რომელ სააგენტოსა და კომპანიას რისი თავი აქვს. აქამდე მსგავსი რაღაცები არ ხდებოდა. ახლა ეს ახალგაზრდდები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხდევბი, რომ ის ამას ჯობია. რა თქმა უნდა, ამით ყველაფრის განზოგადება არ ხდება იმიტომ, რომ შეიძლება ერთხელ ვიღაცამ ვიღაცას აჯობოს, მაგრამ დაახლოებითი სურათი მაინც გამოჩნდა.

– შარშან კანის ფესტივალზე კომპანია “ლივინგსტონმა” მოიგო ბრინჯაოს ლომი. ეს როგორი შედეგია და აისახა, თუ არა ეს წარმატება კომპანიაზე?

– კანის სარეკლამო ფესტივალი ტარდება 62 წელია და 62 წელში საქართველომ პირველად აიღო ლომი. ამიტომ ეს ძალიან მაგარი შედეგია. მაგრამ ამაზე გაჩერება არ შეიძლება, რადგან ის ქვეყნები, რომელსაც ჩვენ ვედრებით წელიწადში იღებენ დაახლოებით 50-60 კანის ლომს. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არის რამდენიმე ქვეყანა, ჩვენზე ბევრად დიდი, მაგალითად, ყაზახეთი, უკრაინა და სხვა, რომელსაც ლომი საერთოდ არ აქვს აღებული”,- განაცხადა ახალაიამ.

მანვე ისაუბრა საზოგადოების მხრიდან პროექტით დაინტერესებაზე და აღნიშნა, რომ წელს ამ პროქტით დაინტერესება უპრეცედენტო იყო.

ახალაიას თქმით, სულ დარეგისტრირდა 232 ადამიანი, საიდანაც 116 გოგო და 116 ბიჭია. აღსანიშვანია ისიც, რომ როგორც ფესტივალის წარმომადგენელმა “აიპრესთან” განაცხადა, პროექტში ჩაერთო თითქმის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო, თუ კომპანია.

– საზოგადოების ინტერესი უპრეცედენტოდ მაღალი იყო. ამაში ძალიან დაგვეხმაარ ის ფაქტი, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან გვქონდა მხარდაჭერა. შესაბამისად, მონაწილეებისთვის მხოლოდ სურვილი იყო საკმარისი, თანხა არ უნდა გადაეხადა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევძელით, რომ დარეგისტრირდა 232 ადამიანი. აქედან 33 გუნდი არის სარეკლამო, 44 იყო კომპანიების მხრიდან. პროპორციულად თანაბრად გაიყო. იყო ზუსტად 116 გოგო და 116 ბიჭი და საქართველოში ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო, რომელსაც რამეზე აქვს პრეტენზია იყო ჩართული. ყველა წამყვანი ბიზნესის მარკეტინგის გუნდიც ჩართული იყო.

ფაქტობრივად, მოცვა გვაქვს დაახლოებით 90%. 10% დარჩა, რომელიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ არ მიიღეს მონაწილეობა. არ ვიცი, რით ხსნიან ამას თვითონ.

– როდის შედგება ნამუშევრების პრეზენტაცია?

ნამუშევრების პრეზენტაციასა და დაჯილდოებას ვგეგმავთ 19 აპრილიდან. ანუ, ჟიურის პასუხებს ველოდებით 19 აპრილის შემდეგ. მერე გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ნამუშევრები, ვაჩვენოთ ხალხს, რა პროდუქტი შეიქმნა ამ ყველაფრიდან და გამოვავლინოთ გამარჯვებულები.

– ჟიური რა პრინციპით იქნა შერჩეული?

ჟიურიდან ძალიან ბევრი გვყავს უცხოეთიდან იმიტომ, რომ გვსურდა, მაქსიმალურად აგვერიდებინა ერთი, მიკერძოებულობა და მეორე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვაქვს პრეტენზია, იქ მოვიგოთ პრიზ. ამიტომ ჩვენ შეიძლება ქართველებს რაღაც დიზაინი მოგვწონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გლობალურად ეს კარგია. ამიტომ ვაფასებინებთ მაქსიმალურად საერთაშორისო დონეზე.

გვყავს უამრავი ქვეყნიდან, იგივე უკრაინა, ინგლისი, კოლუმბია, ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი.

გარდა იმისა, რომ ჟიური აფასებს, ჩვენ ვთხოვეთ მათ, რომ ყველა მონაწილეს კომენტარი გაუწეროს. მაგალითად, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და ა.შ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მიიღებს ამაში მონაწილეობას გარდა იმისა, რომ გამარჯვებული წავა, ვინც ვერ გაიმარჯვებს იმას მაინც მიხვდება, რა უნდა განავითაროს საკუთარ თავში.

– შეიძლება თუ არა, რომ ერთი კატეგორიიდან, მაგალითად, ორმა გუნდმა გაიმარჯვოს? თუ ოთხივე გუნდი სხვადასხვა კატეგორიას უნდა წარმოადგენდეს?

ჩვენ საქართველოში გვეყოლება თითო კატეგორიაში ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი, მაგრამ ოქროს მფლობელი წავა მხოლოდ. ქვეყანას წარმოადგეს ერთი.

ცნობისთვის, კანის ლომების ფესტივალი 62 წელია, რაც ტარდება და საქართველო მასში მონაწილეობას წელს მეორედ მიიღებს.

Cannes Lions მსოფლიოში სარეკლამო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია.

კომენტარები
იტვირთება...