აკი ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინი ოძეკ ასანოიამასთან დამარცხდა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მეცხრე დღის შეხვედრები გაიმართა.

ლევან გორგაძის მეტოქე ოძეკი, 26 წლის იაპონელი ასანოიამას (სიმაღლე 187 სმ, წონა 174 კგ) შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში ასანოიამა 3:2-ს იგებდა, თუმცა, ალბათ ყველას ახსოვს, რომ 2019 წლის მაისში, ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინის დამსახურებული გამარჯვება მსაჯების მიუტევებელი შეცდომის გამო გუქმდა და შედეგად, იმპერატორის თასი 2 დღის შემდეგ, 26 მაისს ასანოიამამ ასწია.

მეტოქეების ბოლო შეხვედრა 2020 წლის იანვარში შედგა და ტოჩინოშინმა იგი შიტატენაგეს ილეთით მოიგო. მიმდინარე ბაშოზე ასანოიამამ სტარტზე ზედიზედ განცდილი სამი მარცხის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ გაიმარჯვა და გუშინ, ტოჩინოშინის მიერ ტაკაკეიშოს დამარცხების შემდეგ, მას კვლავ გაუჩნდა აკი ბაშოზე იმპერტატორის თასის მოპოვების შანსი.

დღევანდელ შეხვედრაში მეტოქეებმა ტოლი არ დაუდეს ერთმანეთს და სანახაობრივად ლამაზი ორთაბრძოლა გააჩაღეს, რომელშიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ასანოიამა ოდნავ უკეთ გამოყურებოდა ტექნიკურადაც და ძალისმიერადაც. საბოლოო გამარჯვებაც (უვატენაგეს ილეთით) მას დარჩა.

აკი ბაშოს ორი მესამედის გავლის შემდეგ ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსი აქვს – 4:5

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე 27 წლის იაპონელი სეკივაკე მიტაკეუმი (სიმაღლე 179 სმ, წონა 172 კგ) იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 8:4 ტოჩინოშინის სასარგებლოდ. ბოლო შეხვედრა 2019 წლის სექტემბერში მიტაკეუმმა იორიკირით მოიგო. მიმდინარე ბაშოზე მიტაკეუმს 5 გამარჯვება აქვს 4 მარცხის წილ. დაწინაურებული შვიდ-შვიდი გამარჯვებით ერთბაშად 6 რიკიშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად