აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინმა ტამავაში დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს ბოლოსწინა შეხვედრების დღე იყო.

დღეს ტოჩინოშინის მეტოქე რეიტინგში მასზე ორი საფეხურით მაღლა, დასავლეთის მე-2 მაეგაშირას პოზიციაზე მყოფი მონღოლი ტამავაში (სიმაღლე 189 სმ, წონა 168 კგ) იყო. გუშინ ორივე რიკიშმა წააგო შეხვედრა, ორივემ მერვე მარცხი განიცადა და ორივემ მაკე კოში გაიფორმა, რაც მომავალ ბაშოზე რეიტინგში დაქვეითების მომასწავებელია. ვარდნის სიდიდე დარჩენილი ორი შეხვედრის შედეგზეა დამოკიდებული და ორივე შეხვედრის წაგების შემთხვევაში, რომელიმე მათგანს მაეგაშირათა ათეულის ბოლოში გადანაცვლება ემუქრება. მათი მოგების შემთხვევაში ვარდნა უმცირესი იქნეbა, ორივეს წაგების შემთხვევაში კი მაეგაშირათა ათეულშის დატოვებაც არ არის გამორიცხული.

კაგაიაკისთან გუშინდელი დასანანი მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა დღეს ძველ მეტოქესთან თავდაუზოგავად იბრძოლა გამარჯვებისთვის და ტამავაში იორიკირის ილეთით დაამარცხა. აღვნიშნავთ, რომ 2007 წლის მარტიდან დღეის ჩათვლით გამართულ 32 შეხვედრაში ტოშინოშინმა ტამავაში 21-ჯერ დაამარცხა.

ეს-ესაა გაირკვა ხვალინდელი დღის წყვილები. ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა, 28 წლის იაპონელი ჰოკუტოფუჯი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 5:3 ტოჩინოშინის სასარგებლოდ. ბოლო სამი შეხვედრა ლევანს აქვს მოგებული. მიმდინარე ბასოზე ჰოკუტოფუჯის ბალანსია 5:9-თან.  ხვალ გამარჯვების შემთხვევაში ლევანი  სავარაუდოდ ერთ საფეხურზე მეტით არ დაეშვება დაბლა და მომავალ ბაშოზე წარმატების შემთხვევაში კვლავ ექნება სანიაკუში (კრებსითი სახელი სუმოს უპრესტიჟულესი ქვედანაყოფისა, რომელშიც იოკუძუნები, ოძეკები, სეკივაკეები და კომუსუბები არიან გაერთიანებულები) დაბრუნების შანსი.

აკი ბაშოზე გამარჯვების მოპოვების შანსს სამი რიკიში ინარჩუნებს. შოდაი, რომელმაც დღეს ასანოიამა დაამარცხა და 12 გამარჯვება აქვს, ტაკაკეიშო, რომელმაც დღეს ტობიზარუს სძლია და 11 გამარჯვება აქვს და ტობიზარუ, რომელსაც აგრეთვე 11 გამარჯვება აქვს.  მსაჯებს შეეძლოთ ხვალ შოდაი ან ტაკაკეიშოსთან, ან ტობიზარუსთან დაეწყვილებინათ, მათ არჩიეს შოდაის ტაკანაშოსთან და ოძეკ ტაკაკეიშოს  ოძეკ ასანოიამასთან დაწყვილება. ხვალ გამარჯვების შემთხვევაში შოდაი იმპერატორის თასის მფლობელი გახდება, მაგრამ ბოლო სამ ბაშოზე მხოლოდ 32 მოგება ექნება მოპოვებული, ადრინდელი შემთხვევის მსგავსად კვლავ ერთით ნაკლები, ვიდრე ოძეკის წოდების მოპოვებისთვისაა საჭირო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად