ახვლედიანი მუხთარლის საქმეზე: შს მინისტრი და სუს-ის უფროსი გადადგანენ და დაიკითხონ!

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური თანამდებობებიდან მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე მაინც უნდა გადადგნენ, რის პარალელურადაც მათ პროკურატურას ახსნა-განმარტება მისცენ რა და როგორ მოხდა.

როგორც ახვლედიანმა „აიპრესს“ განუცხადა, პრემიერ-მინისტრის ადგილას ის გომელაურსა და მღებრიშვილს თანამდებობებს დაატოვებინებდა.

„საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო თუ არა ამ პროცესში მონაწილეობა ის დამნაშავეა. ის, რომ ადამიანი მის თვალწინ ისე გაიტაცეს, რომ ხელისუფლებამ ვერაფერი გაიგო, გადაიყვანეს, საზღვარზე, პასპორტი არ შეამოწმეს და საერთოდ ტყემალზე სხედან, ეს დიდი უბედურებაა. მეორე დიდი უბედურება ისაა, რომ ყველაფერში ხელისუფლება მონაწილეობდა, ვთქვათ აზერბაიჯანული მხარის თხოვნის საფუძველზე. ორივე შემთხვევა ჩვენი ხელისუფლებისთვის კატასტროფაა.

ამ ქმედებისათვის მინიმუმ შს მინისტრი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდნენ. მათ, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჰქონდეთ ქვეყნის მიმართ, ისინი თვითონ უნდა გადადგნენ, მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე. ეს იმიტომ, რომ არ შეუშალონ ხელი გამოძიებას, სადაც დიდი ეჭვი სწორედ მათ სამსახურებზეა. ასე იქცევიან ყველა ნორმალურ სახელმწიფოში, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური შეგნება ვერ გაიზარდა ისე, რომ მინისტრები ასე იქცეოდნენ. გადადგომის პარალელურად ისინი დაბარებულები უნდა იყვნენ პროკურატურაში დაკითხვაზე. ახსნა-განმარტებები გააკეთონ როგორ მოხდა, რომ საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც თავშესაფარს ითხოვდა გაქრა საქართველოდან და გაჩნდა სხვა ქვეყანაში.

პარლამენტში დაბარება პოლიტიკური პროცესია და ოპოზიციისთვის ხმაურის ატეხვის შესაძლებლობაა, მაგრამ საქმისათვის რეალურად არაფრის მომტანია. პრემიერმინისტრის ადგილას მე ნამდვილად დავატოვებინებდი თანამდებობებს მღებრიშვილსაც და გომელაურსაც“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „აიპრესთან“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად