ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ახალი პროექტი იწყება

დღეს, ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლის დარბაზში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტის „ჩაერთე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში“ ახალი ეტაპის დაწყების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და დაინტერესებული ჯფუფების წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ და მხარდამჭერი ორგანიზაციის, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) დირექტორმა ლევან სამადაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
აღნიშნულ პროექტში მოსახლეობას ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ და გასულ წელს გამარჯვებული ინიციატივის ავტორმა თამარ კაპანაძემ.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტმა ელექტრონულ მექანიზმს მიმართა, რომელიც საპროექტო იდეების წარდგენისა და მათთვის ხმის მიცემის სისტემას წარმოადგენს. სისტემა „ვოლისი“ USAID GGI-ს, IDFI-ს და ესტონეთის „ელექტრონული მმართვლობის აკადემიის“ მხარდაჭერით ამოქმედდა.

პროექტი მეორე წელია ხორციელდება და ახალციხის მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს. გამარჯვებული ინიციატივებისა და იდეების დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი 2020 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

ამასთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გამარჯვებული ინიციატივის გარდა, პროექტის მიმდინარეობის დროს შემოსული სხვა წინადადებებიც ასახული იქნება მუნიციპალიტეტის განვითარების 3 წლიან სამოქმედო გეგმაში და შესაბამისად მოხდება მათი განხორციელებაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...