ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ართურ ი. და 1982 წელს დაბადებული არმენ კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული არმენ ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინსტრო ავრცელებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 26 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ისინი ნინოწმინდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პიროვნებებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს. არმენ ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...