ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ე.წ. “წითელ სიაში” ისრაელმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი შეიყვანა.

ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული – ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კომენტარები
იტვირთება...