ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest-ი ხვალ გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება. დასაქმების ფესტივალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე გახსნის. ახალგაზრდებს სიტყვით ორგანიზატორები მიმართავენ: მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ფონდი „კრისტალის" თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. პირველად, ამ სეგმენტისთვის 80-მდე დამსაქმებელმა (სახელმწიფო და კერძო სექტორი) 900 -ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. ფესტივალი მიზნად ისახავს: დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირებას.

სპეციალურად, Job Fest – ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე შეიქმნა ახალი სოფტი, რომლის მისამართია www.jobfest.ge რეგისტრაციის პროცესი 14 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს 24.00 სთ–ზე დასრულდა. რეგისტრაცია 2300-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალგაზრდამ გაიარა.

Job Fest – ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსდა www.studentjob.ge -ზე, სამუშაოს მაძიებელს საშუალება ჰქონდათ წინასწარ გაცნობოდნენ ვაკანსიებს, რომ ფესტივალზე გამარტივებოდათ, უკვე შერჩეულ კომპანიებთან დაკავშირება და გასაუბრება.

ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, მოეწყობა „წარმატების კუთხე“, მოტივაციის ამაღლების მიზნით, სადაც დამსწრეები მოისმენენ სპიკერების გამოსვლებს, დასაქმების მსურველებს წარმატებული ადამიანების კარიერული წინსვლის შესახებ რეალური ინფორმაციის გაგების შესაძლებლობა მიეცემათ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მათთვის განკუთვნილ სივრცეში წარმოადგენს უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილ ვაკანტურ ადგილებს, ასევე, გააცნობენ ინფორმაციას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ. საუბარი იქნება, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობაზე, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზაზე.

ერთ–ერთ სივრცეში კი, ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიის #განიკურნე, ფარგლებში C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩატარდება. ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ კამპანიაში, ჩაიტარონ სკრინიგის პროცედურა და იქვე გაიგონ პასუხი.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, „პალიტრა მედიის“ ბიზნესლიტერატურის პროექტი „ლურჯი ოკეანე"; წყალი „სნო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...