ახალგაზრდა მთარგმნელთათვის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი „ვახუშტი კოტეტიშვილი 85“ იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფონდი „დიოგენე“ აცხადებს „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსს ახალგაზრდა მთარგმნელთათვის“.

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს. თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

საკონკურსო განაცხადის მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ფულადი პრემია გადაეცემათ. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული. დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://forms.gle/n6Z7VKa4dsnS5SCQ7

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად