„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ილიას უნივერსიტეტიდან შიდა აუდიტის მიერ თეა გოდოლაძის ცენტრის შემოწმების შედეგები გამოითხოვეს

„ველოდებით ილიას უნივერსიტეტის პასუხს ჩვენს მოთხოვნაზე, მოგვაწოდოს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, თუ რა დასკვენები დაიდო 2008-2021 წლებში უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განხორციელებული შემოწმებების შედეგად“, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციამ ილიას უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლის საფუძველზე, ასევე სთხოვა ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, არსებობს თუ არა  შპს „სეისმიკ კონსალტინგ“-სა (ს/კ 204542021) და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მომსახურების ხელშეკრულებები.  ასეთების არსებობის შემთხვევაში, „ახალგაზრდა ადვოკატები“ ითხოვენ ინფორმაციას, თუ რა შემოსავალი მიიღო ამ ურთიერთობის საფუძველზე წლებისა და შესრულებული დაკვეთების მიხედვით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ამ ინფორმაციის გამოთხოვა რელევანტურია, რამდენადაც ორგანიზაციამ დაადგინა, რომ აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლების უმრავლესობა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სხვადასხვა დროს ხელმძღვანელები ერთი და იგივე პირები არიან, ხოლო კომპანიის ამოცანები ერთი ერთში იმეორებს ცენტრის დებულების მთავარ პრინციპებს.

„გვინდა სრული სურათი წარმოვიდგინოთ და საზოგადოებასაც წარვუდგინოთ იმის თაობაზე, თუ რეალურად რა ხდება ილიას უნივერსიტეტს დაქვემდებარებულ უწყებაში, რომელსაც ჰქვია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“ და რომელიც მართვის ერთპიროვნული, ექსცენტრიული და ავტორიტარული სტილის ფონზე, პრაქტიკულად, დახურული ტიპის დაწესებულებად აქცია 9 წლის მანძილზე მისმა უცვლელმა დირქტორმა თეა გოდოლაძემ“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.

მისი განმარტებით, გამოთხოვილი დოკუმენტების გაცნობა და დამუშავება ორგანიზაციას დაეხმარება დარღვევების იმ მასშტაბების განსაზღვრაში, რასაც, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში.

როგორც კაიკაციშვილმა განმარტა, ორგანიზაციის მიერ შესწავლის შედეგად დგინდება, რომ ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, მაგნიტუდა 3 ქვემოთ მონაცემებს არ აწვდის არავის, მათ შორის, არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

„ცენტრის ხელმძღვანელის შეგნებული პოლიტიკის შედეგად, არც ერთ სახელმწიფო უწყებას მიწისძვრების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ასევე გამოიკვეთა, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ერთიანი ხედვა და ეროვნული სტრატეგია სეისმური უსაფრთხოების საკითხებზე, ხელმისწავდომი არ არის არც ინფორმაცია მიწისძვრების სრული და ზუსტი სტატისტიკის თაობაზე“, – აღნიშნა მან.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა 2021 წლის ივლისში დაიწყო. ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას საკითხის ირგვლივ განახორციელოს სამოქალაქო ადვოკატირება, მათ შორის საერთო სასამართლოების გზით, თუკი სესიმური მონაცემების ხელმისწავდომობის საკითხი არ გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმების გზით ან/და მთავრობის ჩარევის გარეშე.

კომენტარები
იტვირთება...