სააკაშვილი მხარდამჭერებს ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ის აცხადებს, რომ მისი პარტია “ახალი ძალების მოძრაობა” უკრაინის რადას არჩევნებში ადგილისთვის ბრძოლას არ აპირებს. მან საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, მხარი ვლადიმირ ზელენსკის პარტიას “ხალხის მსახური” დაუჭირონ.

სააკაშვილმა განმარტა, რომ უკრაინის ცესკო-მ დიდი ხნის განმავლობაში არ დაარეგისტრირა მისი პარტია, დაუბლოკა თავისი ანგარიშები და, შესაბამისად, ბევრმა ამომრჩეველმა არც კი იცის, რომ “ახალი ძალების მოძრაობა” საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავის პარტიებს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რეალური მგლები” უწოდა.

“ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ამ ხალხის გამოცდილება ამ ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებული იქნება”,-აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

“ყველა გამოკითხვის თანახმად, 5%-იანი ბარიერის დაძლევის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ჩვენ ვიცავთ “ხალხის მსახურის” ამომრჩეველს. არ ვაკრიტიკებთ საპრეზიდენტო პარტიას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა მივცეთ შანსი, “- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას სურს, ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ პარალმენტში უმრავლესობა მიიღოს და სხვა პოლიტიკურ ძალებზე დამოკიდებული არ იყოს.

“მათ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ”,- განაცხადა სააკაშვილმა.

სხვადასხვა გამოკითხვებით “ახალი ძალების მოძრაობის” რეიტინგი დაბალია და 2%-იან ბარიერს ვერ მიაღწია, აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტიას არ აქვს შანსი, რომ პარლამენტში შესვლისთვის აუცილებელი 5% -იანი ბარიერის გადალახოს.

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. ბოლო გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 49.5% მზად არის, მხარი პარტია “ხალხის მსახურს” დაუჭიროს. შემდეგ რეიტინგშია “ოპოზიციის პლატფორმა – სიცოცხლისათვის”, რომელსაც იური ბოიკო ხელმძღვანელობს, მომდევნო პოზიციებზეა პეტრო პოროშენკოს პარტია “ევროპული სოლიდარობა”, ასევე იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინა” და სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...