აკავრეთას საკალმახე მეურნეობა სტიქიამ მთლიანად გაანადგურა (ფოტორეპორტაჟი)

ქედაში, აკავრეთას საკალმახე მეურნეობა, მთლიანად განადგურებულია. მეპატრონეები, 2 მილიონიან ზარალზე საუბრობენ.
საკალმახე მეურნეობაში ამბობენ, რომ 2 დღის წინ მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა, 15 წუთში გაანადგურა, ისეთი იშვიათი ჯიშის თევზი, როგორიცაა-ზუთხი, კალმახი და ორაგული.
 

"დახოცილ თევზებს შორისაა ტონა ნახევარი სადედე ჯოგის ზუთხი, რომელიც შავ ხიზილალას იძლევა და რომლის 1 კილოგრამის საბაზარო ფასიც 1000 დოლარიდან იწყება. სტიქიამ იმსხვერპლა წითელ წიგნში შეტანილი თევზის ჯიშები-კოლხური ზუთხი და სვია. თუ სახელმწიფო დაგვეხმარება, კარგი იქნება. არაფერი აღარ დაგვრჩა, ყველაფერი განადგურებულია“,-ამბობს რევაზ გოგიტიძე, დაზარალებული ბიზნესმენი.

თევზსაშენთან ერთად, სტიქიამ გაანადგურა რესტორანი და საკალმახესთან მისასვლელი ხიდი. უმუშევარი დარჩა, 200-მდე ადგილობრივი. 

შპს "აკავრეთა 2007"-ის დამფუძნებელი ნუგზარ დუმბაძე ხელისუფლებას კომპენსაციას ან საბანკო სესხის გარკვეული პერიოდით შეჩერებას სთხოვს. დუმბაძე აღნიშნავს რომ საკალმახე მეურნეობის დახურვის შემთხვევაში, ასევე დაიხურება ბათუმში არსებული დახურული ტიპის საკალმახე შპს "იხტიოსი". მისივე განცხადებით, დაზღვეული აქვთ, მხოლოდ უძრავი ქონება. 

„სამწუხაროდ, საქართველოში არ აზღვევენ მსგავს ბვიზნესს, რადგან დიდი რისკია, იგივე ასეთი შემთხვევებისა, დაავადებებისა. ამიტომ, მხოლოდ უძრავი ქონება გვაქვს დაზღვეული და არა თევზი“,-ამბობს, ნუგზარ დუმბაძე. 

ზარალის კომპენსირება, ადგილობრივი ძალებით წარმოუდგენლად მიაჩნია, ქედის გამგებელს. დავით დუმბაძის თქმით, საკალმახე მეურნეობის შემოსავლები, მუნიციპალიტეტის მთლიან ბიუჯეტს უტოლდება. დაზარალებულ მეწარმეებს დახმარებას აჭარის მთავრობაშიც ვერ ჰპირდებიან. მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განცხადებით შპს დაზღვეული არ არის.
„ბიზნესმა უნდა დააზღვიოს თავისი ქონება და ამისთვიუს უნდა გამოყოს ფინანსები. სახელმწიფომ, თითოეულ ამ ფაქტზე რომ რეაგირება მოახდინოს, მე ვფიქრობ, სწორი არ იქნება. ჩვენი კომპენსაციები, რომელსაც გადავწყვეტთ, პირველ რიგში მიმართული იქნება, სოციალური ფონის გამოსწორებაზე“,-აცხადებს ხაბაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...