აკაკი ზოიძე: კითხვებზე პასუხის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ ეს ფურცელი გადავშალოთ

 „ბევრი კითხვა გაჩნდა იმ ღამესთან დაკავშირებით, როცა უკვე ვაანალიზებთ ფაქტებს, როცა გამოჩნდა პროცესები, ვუყურებთ კადრებს. ეს კითხვები არ დარჩენილა პარლამენტის შტურმზე, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე, მგონი, აქ კითხვები არავის აქვს, გარდა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ახლა ცდილობენ, მოიხსნან ყოველგვარი პასუხისმგებლობა. ისიც არ გამიკვირდება, თქვან, რომ საერთოდ არ ყოფილან აქციაზე და ან მათი ორეულები იყვნენ. აუცილებელია, თითოეულმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესებში, რადგან ამის გარეშე სამოქალაქო თანხმობა იქნება შეუძლებელი, თუ არ მიეცა, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი შეფასება”. –

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ამ მოვლენებს აუცილებლად უნდა მიეცეს, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი შეფასება და ამიტომ არის პარლამენტი დაინტერესებული, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

„ამიტომ არის პარლამენტი დაინტერესებული, რომ გაეცეს პასუხი ყველა კითხვას, რომელიც გაჩნდა – იყო თუ არა წინასწარ ორგანიზებული ის, რასაც ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალყურს, რომ ეს იყო შტურმი პარლამენტზე, ეს იყო სპონტანური თუ დაგეგმილი, რა როლი აქვთ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ცდილობენ, საერთოდ გამოეთიშონ ამ პროცესებს და დააბრალონ ყველას. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ ეს ფურცელი გადავშალოთ“, – თქვა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძის შეფასებით, აღნიშნული ფურცლის გადაშლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა მიმდინარე პროცესები მხოლოდ საქართველოს მტრებს ახარებთ.

ცნობისათვის: საპარლამენტო უმრავლესობამ 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა.

დადგენილების პროექტი 10 პუნქტიანია. დადგენილების პროექტს პარლამენტი პირველივე რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...