აკაკი მინაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი თავისუფლება შესწირა ქვეყნის თავისუფლებას, განვითარებას

აქციის მთავარი გზავნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რადგან ეს არის გზა ქვეყანაში ცვლილებების განხორციელების, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად ბევრი ადამიანი შეიკრიბება.

„ხედავთ საერთაშორისო რეაქციას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით. პოზიცია არის ერთსულოვანი ყველა ჩვენს მეგობარში, დასავლური სამყაროს წარმომადგენლებში – ეს არის პოლიტიკური დევნა და უნდა შეწყდეს. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არ აქვს პერსპექტივა ევროპული განვითარების, დასავლური განვითარების და ქვეყანაში აუცილებელია სწრაფი ცვლილება, რათა საქართველოს გაუჩნდეს შანსი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების.

მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი თავისუფლება შესწირა ქვეყნის თავისუფლებას, ქვეყნის განვითარებას. არავითარი დათქმები არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის ყველასათვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის. ის არის პოლიტიკური პატიმარი, უკანონოდ დაპატიმრებული.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ფიქრობდეს ქვეყანაზე, ფიქრობს საკუთარ პირად ინტერესებზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ეს არის მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია. როცა ლაპარაკობთ გირგვლიანის საქმეზე, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ თუ დავა არის გირგვლიანის საქმეზე, ამ საქმის მოსამართლეები დღეს არიან იმ კლანის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს ახორციელებენ ქართულ სასამართლოში. არ დავიწყებ წულუკიანის პოზიციების შეფასებას, მგონი ყველა საღი აზრის ადამიანი ხვდება, რომ როდესაც 12 დღე ადამიანი შიმშილობს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ეს შიმშილობა არ არის პირადი მიზნებისათვის შიმშილობა, არამედ არის ქვეყნის მიზნებისთვის. მიხეილ სააკაშვილმა იცის, რასაც აკეთებს. ეს არის თავგანწირვა, ბრძოლა, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს, ქვეყანას გაუჩნდეს შანსი განვითარების. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ ეშინია ხელისუფლებას. გახსოვთ, განცხადებები ჩამოსვლამდე, როგორ ამბობდნენ, რომ სააკაშვილი წარდგება სასამართლოს წინაშე. გავიდა 12 დღე და მათ ეშინიათ სააკაშვილი წარადგინონ სასამართლოზე. მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლის.

დამერწმუნეთ, ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება, რადგან ამ დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით დღეს მატულობდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოვიდეს ამ აქციაზე და დააფიქსიროს თავისი სამოქალაქო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში აუცილებელია სწრაფი ცვლილებები, ხელისუფლების შეცვლა. იმ ხელისუფლების, რომელიც არის ჩაფლული კრიმინალში, კორუფციაში და მიხეილ სააკაშვილი არის ამ ბრძოლის და გამარჯვების განსახიერება. ეს აქცია ემსახურება სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყნის გათავისუფლებას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...