აკაკი ბობოხიძე: „ოცნებას“ მდგომარეობა უდგას ასე – გაათავისუფლებს მელიას და შეუმსუბუქდება პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ გაურთულდება შიგნით

“ევროპული საქართველოს” წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ნიკა მელიას გარეთ ყოფნა არის ისეთი შემთხვევა, როცა ოპოზიციის სურვილი და „ქართული ოცნების“ საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელში უბრალოდ რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია

„მე გეტყვით რისი სურვილი მაქვს – მინდა ნიკა მელია გარეთ იყოს, თუმცა, ეს არის ისეთი შემთხვევა, როცა ჩვენი სურვილი და „ქართული ოცნების“ საჭიროება ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენი სურვილია, რომ ნიკა მელია გარეთ იყოს. „ქართული ოცნება“ თუ მიხვდება, ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, მას დიდი თავის ტკივილი მოშორდება, ოღონდ არ ვიცი ამისთვის გონიერება რამდენად ეყოფა, თან „ქართულ ოცნებას“ დღეს მდგომარეობა უდგას ასე – გაათავისუფლებს მელიას და შეუმსუბუქდება ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობა, მაგრამ გაურთულდება ქვეყნის შიგნით. ან პირიქით, ქვეყნის შიგნით მიანიჭებს მის მდგომარეობას ამ წუთში უპირატესობას და დარჩება ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც აქვს ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან. ამიტომ დღეს ნიკა მელიას გამოშვება- არ გამოშვების საკითხი არის „ქართული ოცნების“ თავის ტკივილი.

რაც შეეხება კომპრომისს, გარკვეულ კომპრომისად ნიკა მელიას გათავისუფლებას შევაფასებდი, მაგრამ ეს ვერ იქნება ის ნაბიჯი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან, პირიქით, კომპრომისს უზრუნველყოფს. ოპოზიციისთვის რიგგარეშე არჩევნები ეს არის გარდაუვალი თემა. ნიკა მელიასთვის რომ არჩევნები არ ყოფილიყო მთავარი თემა, ის პარლამენტში შევიდოდა და გარეთ იქნებოდა. გარეთ ყოფნა ეს უნდა იყოს შედეგი და საფუძველი მომავალი პროცესებისა და არავითარ შემთხვევაში საბოლოო შედეგი, რომლითაც პროცესები დამთავრდება“,- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

შეგახსენებთ, გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია პატიმრობიდან, დღეს გახდება ცნობილი. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...