„აიპრესის“ პასუხი: ილიაუნის თანამშრომელმა, ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ გაავრცელა დეზინფორმაცია და საზოგადოება მოატყუა (აუდიომტკიცებულება)

მე, აიპრესის მთავარი რედაქტორი, თამარ ლეფსვერიძე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2021 წლის 8 ივლისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა,  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ ეთიკისა და სტანდარტის ყველა ნორმის დარღვევით გაავრცელა დეზინფორმაცია და შეეცადა სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეეყვანა შეცდომაში.

ფაქტობრივად, საჯარო მოხელემ, რომელსაც სახელმწიფომ  ანდო უმნიშვნელვანესი ცენტრის, სეისმოლოგიის ხელმძღვანელობა და რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიული დანიშნულების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე, თავად გაავრცელა დეზინფორმაცია. შეულამაზებლად რომ ვთქვათ მოიტყუა და მეცნიერისთვის ესოდენ შეუფერებელი საქციელით გადაწყვიტა საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.

“აიპრესი” და მისი გუნდი, რომელსაც დღიდან დაარსებისა დღემდე, არ ჰქონია არანაირი დავა არცერთ დაინტერსებულ მხარესთან, არ ჰქონია არცერთი სასამართლო პროცესი და რომლის მთავარი მიზანი დაარსების დღიდან დღემდე გახლავთ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, საჭიროდ მიიჩნევს ფაქტობრივი მასალების გამოქვეყნებას და ქალბატონი თეა გოდოლაძის მხილებას იმ ტყუილში, რომლის გავრცელების გამო მას ბოდიშიც კი არ მოუხდია.

აქვე განვმარტავთ, რომ ცხადია, აუდიოჩანაწერის გამოქვეყნება ჩვენ მაშინვე შეგვეძლო, მაგრამ დაველოდეთ გარკვეული პერიოდი, თავისსავე გვერდზე და ასევე “აიპრესის” ოფიციალურ გვერდზე, სადაც მან ეს ტყუილი გაავრცელა, თუ მოუხდიდა  თეა გოდოლაძე ბოდიშს საზოგადოებას შეცდომაში შეყვანისთვის. მან ეს არ გააკეთა.

გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვაგროვებდით ინფორმაციებს სხვადასხვა უწყებებიდან და ვაზუსტებდით ფაქტების უტყუარობას, რომელზედაც ის ინტერვიუში გვესაუბრა. ასევე, ველოდებოდით პასუხს ილიაუნისგან, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ. ამ თემებით ჩვენ კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით.

აქვე, მადლობას მოვახსენებ, ჩვენს ერთგულ მკითხველს, რომელსაც ერთი წამითაც არ შეპარვია ეჭვი იმაში, რომ ინტერვიუ ნამდვილად იყო ჩაწერილი და არანაირი ინტერპრეტაციებით ის არ გასულა.

ფაქტი N1: თეა გოდოლაძემ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ „ფეისბუქ“ გვერდზე და ასევე თავის პირად გვერდზე გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია:

არ ვიცნობ არცერთ ჟურნალისტს ამ საინფორმაციო სააგენტოდან. თქვენ (სააგენტო) ავრცელებთ სტატიას, სადაც ერთი სიტყვაც კი არ არის მართალი და თქვენი ჟურნალისტი არც კი დამკავშირებია. სტატია ეხება ენკას და გეოფიზიკის ინსტიტუტის დანაშაულებრივ საქმიანობას წაგლიჯოს ჩვენს გუნდს მონაცემები და ფული აკეთოს უკანონოდ დიდი ალბათობით შეკვეთილი სტატიაა. როგორ მოვიქცეთ ახლა ?! აიღებთ სტატიას და შევწყვეტთ ბრძოლას?

 

ტყუილი N1: თეა გოდოლაძე თავის ამ განცხადებაში ურცხვად ტყუის, ვინაიდან ჩვენმა სააგენტომ გაავრცელა სტატია, რომელშიც ყველა სიტყვა სიმართლეა.

ტყუილი N2: თეა გოდოლაძე თავის ამ განცხადებაში ურცხვად ტყუის, როდესა აცხადებს რომ,  მას ჩვენი სააგენტოდან არ დაკავშირებია არცერთი ჟურნალისტი, ვინაიდან დავუკავშირდი პირადად მე და საუბრის დასაწყისშივე თავი წარვუდგინე როგორც „აიპრესის“ ჟურნალისტმა, რის დამადასტურებელ აუდიომასალას, სტატიაშივე გთავაზობთ.

ფაქტი N2: რამდენიმე წუთში, თეა გოდოლაძე მეორედ ასწორებს თავის განცხადებას და ამატებს შემდეგ ფრაზას: ( აღარც კი ვახსენებ, დავით მირცხულავას სცენარია. ამონარიდი სტატუსიდან.)

 

ტყუილი N1: შესაძალებელია, ქალბატონი თეა თავის სამეცნიერო ნაშრომებს წერს ვინმეს დაკვეთილი სცენარით და ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სტატიების წერისას მე, ანუ სტატიის ავტორი, თამარ ლეფსვერიძე ვხელმძღვანელობ მხოლოდ იმ სცენარით, რომელიც ეფუძნება ეთიკისა და სტანდარტის აღიარებულ ნორმებს.

ფაქტი N3: მას შემდეგ, რაც მე, სტატიის ავტორმა, თეა გოდოლაძეს მოვუწოდე, რომ თავი შეეკავებინა ცილისმწამებლური განცხადებებისგან, მან თავისი „პოსტი“ მესამედ ჩაასწორა და დაამატა:  “აქვე დავამატებ ჟურნალისტმა ორჯერ გამოაქვეყნა ჩემი ინტერვიუ და ყოველ ჯერზე მისი ინტერპრეტაცია სამაგალითო სისულელე იყო:) სოსო გალუმაშვილის სააგენტო ყოფილა და რა უნდა გაგიკვირდეს. ენკას დაკვეთაა.

ტყუილი N1: თეა გოდოლაძე ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ ჟურნალისტმა ორჯერ გამოაქვეყნა ინტერვიუ ინტერპრეტაციით, ვინაიდან ინტერვიუ ორივე შემთხვევაში გამოქვეყნდა ორიგინალთან სრულ შესაბამისობაში, რის დამამტკიცებელ ფაქტად გთავაზობთ როგორც ბმულს გოდოლაძის ინტერვიუებიდან, ასევე სრულ ჩანაწერს შედარებისთვის.

ბმულები:

ბრძოლა სეისმური მონაცემებისთვის – რას ითხოვენ მეცნიერები, რას აკეთებს სახელმწიფო და რა პასუხები აქვს სეისმოლოგიის ცენტრს

თეა გოდოლაძე: ბოლო 2 წელიწადია სახელმწიფოსგან კაპიკი არ მიგვიღია, ხელფასები ირიცხება მარტო! სეისმური ცენტრი რომ აქვს ამ ქვეყანას, ჩვენი გუნდის დამსახურებაა

თეა გოდოლაძე ზუსტად ისე იქცევა, როგორც რუსეთი და მიწისძვრებზე მონაცემებს მალავს – ნინო წერეთელი

აუდიოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ სტატიის გახსნისთანავე და შეადაროთ.

ტყუილი N2: თეა გოდოლაძე ურცხვად ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესი“ ეკუთვნის სოსო გალუმაშვილს, რის დამადასტურებელ ფაქტადაც შეგიძლიათ იხილოთ ამონაწერი საჯარო რეესტრიდა, რომ საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თამარ ლეფსვერიძე.

ტყუილი N3: თეა გოდოლაძე ურცხვად ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ სტატია შესრულდა ენკას დაკვეთით და ამის დამადასტურებელი ფაქტის წარდგენას ჩვენ მას მოვთხოვთ შესაბამისი უწყებების წინაშე.

ვფიქრობთ, ამ ერთი საკითხის გარშემო საკმარისი ფაქტები მივაწოდეთ ჩვენს მკითხველს, რომელსაც ეჭვი არასდროს შეპარვია ჩვენს ობიექტურობაში, თუმცა ამ თემის გარშემო მუშაობას ვაგრძელებთ, რადგან ტყუილებთან ერთად, თეა გოდოლაძის მხრიდან არაერთგზის ჰქონდა ადგილი “აიპრესის” თანამშრომლების მისამართით ბულინგის მცდელობას და შეურაცხყოფას სხვადასხვა ფორმით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს.

მანამდე კი გთავაზობთ ილიაუნის პასუხებს, რომელიც “აიპრესმა “მიწერა მას თეა გოდოლაძესთან დაკავშირებით

აიპრესი: არის თუ არა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ილიაუნის ბაზაზე არსებული სტრუქტურა და მოქმედებს თუ არა იმ დებულებებისა და განაწესების მიხედვით, რაც აქვს ილიაუნის უნივერსიტეტს?

ილიაუნი დიახ, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულია. მისი საქმიანობა რეგლირდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, რომლებიც ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.

აიპრესი: სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ირიცხება თუ არა ილიაუნის თანამშრომლად?  

ილიაუნი: დიახ, თეა გოდოლაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელია.

აიპრესი: ფინანსდება თუ არა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი სახელმწიფოსგან?

ილიაუნი: დედამიწის შემსწვლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ბიუჯეტი სხვადასხვა წყაროებიდან ფინანსდება (საერთაშორისო კვლევითი პროექტები, გრანტები, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის სხვადასხვა პროგრამები), მათ შორის, დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

აიპრესი: იღებს თუ არა თეა გოდოლაძე ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხებით?

ილიაუნი: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ხელფასები სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება და უფრო დეტალური პასუხისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ამ საკითხთთან დაკავშირებით თავად ინსტიტუტის ადმინისტრაციას.

 

კომენტარები
იტვირთება...