აჰმად ალილი: აზერბაიჯანი ამ პირინციპს არ გადაუხვევს, რუსეთმა კი უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობა უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობა, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორი აჰმად ალილი.

მისივე თქმით, 1990-იან წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის სტრატეგიული ღერძი, რომელიც მთელ რეგიონს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საშუალებას აძლევს.

„ვფიქრობ, რეგიონის სახელმწიფოების ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გარეშე საქართველოც და აზერბაიჯანიც უფრო დასუსტდებიან. სწორედ ამიტომ ცდილობს აზერბაიჯანი საქართველოს მხარდაჭერას ეკონომიკურად და ენერგეტიკული პროექტებით, ხოლო საქართველო აზერბაიჯანს აძლევს საშუალებას, გამოიყენოს პლატფორმა და გზა, რათა აზერბაიჯანი გარე სამყაროს დაუკავშირდეს.

დღეს ეს სტრატეგიული ღერძი მუშაობს. საქართველო და აზერბაიჯანი თუ არ ითანამშრომლებენ, ეს ღერძი დაირღვევა, რაც ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების მისწრაფება შესუსტდება. ბაქოში ამას აცნობიერებენ და ამიტომ ახლა მთავარი მიზანია, გამოძებნოს ახალი გზები საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის გასაღრმავებლად. ეს გაამყარებდა სტრატეგიულ ღერძს, რომელზეც ვისაუბრე და მთელ რეგიონს დააახლოებდა ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უფრო ხშირად სტუმრობენ ევროკავშირს. ბაქო ასევე ცდილობს, გააღრმავოს თანამშრომლობა აშშ-სთან და სხვა აქტორებთან, რითაც მთიან ყარაბაღში რუსეთის ყოფნას დააბალანსებს. მოსკოვში ხელმოწერილ განცხადებიდან დანამდვილებით რაც ვიცით, არის ის, რომ ამოქმედდება დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან წვდომას გაზრდის. სხვა ქვეყნები კი ნახიჩევნათან დაკავშირებით აზერბაიჯანზე ზეწოლას ვერ შეძლებენ და ეს აზერბაიჯანს პოლიტიკურად მეტ თავისუფლება აძლევს, რაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის“, – აცხადებს ალილი.

მისივე თქმით, თუ იარსებებს პლატფორმა, მონაწილე სახელმწიფოები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უნდა ცნობდნენ.

„არ ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა პრობლემას შეუქმნის საქართველოს, მაგრამ მას შეუძლია, პრობლემა შეუქმნას რუსეთს, რადგან მან უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აზერბაიჯანი ძალიან მგრძნობიარედ აღიქვამს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი ყოველთვის იცავდა ამ პრინციპს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მაგალითზეც. აზერბაიჯანის პოზიცია მკაფიო იყო. ამიტომ, აზერბაიჯანი არავითარ შემთხვევაში არ შელახავს ამ პრინციპს.

რაც შეეხება პროექტებს. ვიდრე მთიან ყარაბაღში არსებობს კონფლიქტი და მდგრადი მშვიდობა არ არის მიღწეული, რეგიონში ინვესტიციების დაბანდება ცოტა საერთაშორისო ინვესტორს სურს. შორიდან ხომ ჩვენი რეგიონი ერთ მთლიანობად განიხილება. ინვესტორების ფულის დაბანდებისას სურთ, რომ ამ რეგიონის ყველა ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს დაცული. ამიტომ ვფიქრობ, ეკონომიკური პლატფორმა იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ყველასთვის, რომ რეგიონში არის მშვიდობა და ინვესტიციების დაბანდება ყველას შეუძლია. ეს დიდ სარგებელს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანსაც“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აჰმად ალილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად