აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით უკვე 26 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა

ფასდაკლების ბარათების და დიზელის გაცემის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს.

პროგრამის ფარგლებში ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, პირველ ეტაპზე, ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერ ოდენობის ფასდაკლების ბარათი ან მიიღებს 1 ივლისამდე, აუცილებლად, 1 ივლისამდე უნდა შეიძინოს 50 ლიტრი დიზელის საწვავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარები 50 ლიტრ დიზელზე ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპზე ბენეფიციარები 1 სეტემბრამდე შეძლებენ არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო მესამე ეტაპზე, 1 სექტემბრიდან, დარჩენილი ოდენობის შეძენას ფასდაკლების ბარათებით. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც.

ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად