აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო დაიღუპა

უკრაინის გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, წუხელ დონბასის კონფლიქტის ზონაში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ერთი მებრძოლი მოწინააღმდეგის პოზიციიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქდა.

კონფლიქტის ზონაზე პასუხსიმგებელი უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების სარდლობის ცნობით, წუხელ მოწინააღმდგის ძალებმა 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებისა და ნაღმსატყორცნების გამოეყენებით.

სეპარატისტული დონეცკის რესპუბლიკის სარდლობამ თავის მხრივ უკრაინული მხარე დაადანაშაულა უკანონო ფორმირებების კონტროლის ქვეშ არსებული ქალაქ დონეცკის განაპირა კვარტლისა და სოფლის დაბომბვაში. ლუგანსკის სეპარატისტულმა სარდლობამ ასევე განაცხადა, უკრაინის არმიის მხრიდან სიჩუმის რეჟიმის ორჯერ დარღვევის შესახებ.

აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს საომარი კონფლიქტი პრორუსულად განწყობილ დონბასელ სეპარატისტებსა და კიევის სამთავრობო ჯარებს შორის, ორივე მხრიდან, 13 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...