ადვოკატი: დ.ღ-ს პროკურორებმა უთხრეს: მ.კ. იდგა, ურტყამდა თუ “სემიჩკას” ჭამდა, მნიშვნელობა არ აქვსო

ამის შესახებ ხორავს ქუჩაზე მოკლული  №51 სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის მეგობრის დ.ღ-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. 

"დ.ღ. პასუხისგემაში მისცეს, თითქოს მან ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, შემდეგ კი ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს.  ეს გამოწვეული იყო იმით, რომ სასამართლომდე მან თქვა,  მ.კ-მ დაარტყა, ხოლო სასამართლოზე თქვა, რომ იდგაო. გარდა ამისა, მან სასამართლოზე არ ისაუბრა ბატონ ზაზა სარალიძესთან შეხვედრაზე. 

სრულიად უკანონო, დაუსაბუთებელი ბრალდებაა, რადგნა დ.ღ-მ პირველივე დღეს, ჩემთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ მან სრული ინფორმაცია მისცა გამოძიებას. ის მიიყვანეს წარმომადგენელთან ერთად და ისაუბრა იმ დეტალებზე, რაც მას იმ წუთისთვის ახსოვდა. აღნიშნული გასაუბრება არ შეადგინა გამოძიებამ, რატომ და რისთვის გაუგებარია. ამის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში მას არ ეძახიან საგამოძიებო ორგანოები. შემდეგ კი 14 დეკემბერს დაკითხეს, სადაც აძლევს სრულ ინფორმაციას.

რამდენიმე თვის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძეს შეხვდა დ.ღ. ამაზე ინფორმაცია დ.ღ-მ სრულად მიაწოდა პროკურატურას. ამ შეხვედრის შესახებ, უთხრა, რაც შემდეგ თურმე ცრუ ინფორმაცია გახდა. ეს ყველაფერი იცოდა ფხაკაძემ და გუგუშვილმა(ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორები), მაგრამ  დ.ღ-ს უთხრეს რომ ეს ინფორმაცია არ იყო მნიშვნელივანი, საქმესთან შემხებლობაში და მის განცხადებას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მ.კ იდგა, ურტყამდა თუ "სემიჩკას" ჭამდა ( ეს არის პროკურორების სიტყვა სიტყვით ნათქვამი) მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად ამისა დ.ღ-მ სასამართლოს სრულად მიაწოდა ეს ინფორმაცია, რის შემდეგ დ.ღ.კიდევ ერთხელ  გამოკითხეს, თუმცა, ამაზე არანაირ კითხვას არ უსვამენ.  ამის შემდეგ, 19 ივლისს ხდება დ.ღ-ს დაკავება. ანუ, იმ ინფორმაციაზე, რაც ჰქონდათ პროკურორებს, რის გამოც შეიყვანეს დ.ღ შეცდომაში და უთხრეს რომ ის ინფორმაცია არ იყო მნიშვნელოვანი, მერე აღმოჩნდა ეს ცრუ ჩვენება და ცრუ ინფორმაციის მიწოდება? ამაზე მისცეს პასუხისგებაში? თუ დ.ღ-ს ჩვენებაში იყო დანაშაული, გამოდის, რომ პროკურორები არიან დანაშაულის მფარველები, არ შეადგინეს გამოკითხვის ოქმი, მეტიც, არასრულწლოვანი შეიყვანეს შეცდომაში, მოატყუეს და უთხრეს, რომ ეს ინფორმაცია არ არის ფასეული.”- განაცხადა დ.ღ-ს ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 19 ივლისს შსს-მ 2017 წლის1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში,  ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...