ადვოკატები: პაკელიანი პოლიციელთა წამების მსხვერპლია, პროკურორი დამნაშავეებს მფარველობს

„ის დაზიანებები, რომელიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება წარმოუდგენელია მიყენებული იყოს დაცემისგან. ის არის წამების მსხვერპლი, შეგვიძლია ეს მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავასაბუთოთ, ვინაიდან სწორედ ცემის ფონზე სთხოვდნენ აღიარებს,“ – ამის შესახებ 23 მარტს დაკავებული შოთა პაკელიანის ადვოკატმა, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტმა, გიორგი მახარაძემ განაცხადა.

პაკელიანის ადვოკატებმა და ოჯახის წევრების განცხადებით, პაკელიანზე ფიზიკურ ანგარიშსწორება პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებას ამტკიცებს. გამოძიებას ისინი პროკურატურისგან მოითხოვენ.

შოთა პაკელიანის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, პროკურორი სამართალდამცველებს მფარველობს.

„მან ნამდვილად იპოვა ეს ნივთიერება სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაინტერესდა თუ რა იყოს ეს და  რამდენიმე წუთში, ძალიან საინტერესო ვითარებაში, აღმოჩდნენ იქ პოლიციის თანამშრომლები. ამ პოლიციელების დანახვაზე, გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, გაირბინა დაახლოები150-200 მეტრი, რის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, პოლიციელების ჩარევის გარეშე ფეხი წამოჰკრა რაღაც საგანს, წაიქცა და წაქცევისას თავზე დაადგნენ ეს პოლიციელები და დააკავეს ადგილზე. პროკურორი არის არა თუ პროკურორი ზედამხედველი ამ საქმეზე, არამედ მფარველობს ამ დამნაშავეებს. ზურაბ სიყმაშვილი გახლავთ მისი სახელი და გვარი, ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურის განყოფილების უფროსი,“ – აღნიშნა  თოდუამ.

ადვოკატების კომენტარებს "რუსთავი 2" ავრცელებს.

ცნობისთვის, შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, შოთა პაკელიანი 23 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად