ადამიანთან ერთად დაკარგული სამართალი – პროკურატურა მტკიცებულებების გარეშე

3 წლის წინ, 2012 წლის 18 იანვარს, სოფელ ანაკლიაში, ადგილობრივი მცხოვრები გოგიტა აბულაძე უგზო-უკვლოდ  დაიკარგა.  მას შემდეგ მის გზაკვალს ვერავინ მიაგნო. მოხუცი მშობლები და დები დღემდე სიმართლის გარკვევის მცდელობაში არიან… თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, სიმართლეც გოგიტასთან ერთად დაიკარგა…
ცინარა აბულაძე "აიპრესთან“ შვილის გაუჩინარების დღეს იხსენებს და აცხადებს:
 
"ჩემი შვილი, სასტუმრო "ანაკლიაში" ინჟინერტექნიკოსად მუშაობდა. 2012 წლის 18 იანვარს, გოგიტა დილით სახლიდან სამსახურში წავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. დაახლოებით საღამოს შვიდის ნახევარზე, შვილთან დაკავშირება მობილური ტელეფონით ვცადე, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა…“
 
მას შემდეგ ოჯახი დაკარგულ შვილს ეძებს, მაგრამ მის შესახებ ვერაფერი გაიგო. 3 წლის მანძილზე შვილდადკარგულ დედას არ დაუტოვებია არცერთი უწყება, სადაც წერილით არ მიმართა. თუმცა ამაოდ, გოგიტა აბულაძე მიწამ ჩაყლაპა თუ ცამ, არავინ იცის.   გაუჩინარებიდან ერთი წლის შემდეგ 2013 წლის 17 იანვარს გოგიტა აბულაძის ოჯახმა იუსტიციის სამინისტროში აქცია გამართა. შედეგად, ექსპერტიზა ჩაუტარდა წერილს, რომელიც აბულაძის გაუჩინარებიდან  დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ოჯახმა აღმოაჩინა.
 
"მე გადავდივარ აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ ყველაფერი იცის მალხაზ პაჭკორიამ," _ ეწერა წერილში. მალხაზ პაჭკორია იმ პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე იყო.
 
"გოგიტა აბულაძის ოჯახის სახელით გთხოვთ, დაწერეთ რასაც ვითხოვთ.  ჩემი ძმის გაუჩინარებიდან 3 წელი გავიდა. სამეგრელოდან იმერეთში წაიღეს ჩემი ძმის საქმე გამოსაძიებლად. არ დაგვიტოვებია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდიდან დღემდე არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ არავინ არაფერს გვეუბნება.
გაუნარებიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ სახლში ვიპოვეთ წერილი, სადაც ჩემი ძმა წერს, მალხაზ პაჭკორიას მოკითხეთ ჩემს შესახებო. წერილს, ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ნამდვილად გოგიტა აბულაძის დაწერილია.“ – განაცხადა "აიპრესთან" ნანა აბულაძემ (გოგიტა აბულაძის და).
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გოგიტა აბულაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერაფერს მიაკვლიეს: "გამოძიება დამთავრებულია. თუმცა, ჩვენ არ ვიცით რით დასრულდა. არ ვიცით ვინ არიან უშუალოდ დამნაშავეები. ის ადამიანები, ვინც ჩემი ძმის გაუჩინარებაში დამნაშავეები არიან, დღემდე მუშაობენ სამართალდამცავ ორგანოებში. რატომ?! ხელისუფლებისგან მხოლოდ ერთს ვითხოვთ, გვითხრან, ჩემი ძმა, გოგიტა აბულაძე ცოცხალია თუ მკვდარია.
 
_ გამოძიება, რომ დასრულებულია, თქვენ საიდან გაქვთ ინფორმაცია?
_ რა უნდოდა ამის გამოძიებას?! ოფიციალური ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ, ჩვენ ვიყავით ჩასული იმერეთში, ისინი იძიებენ ამ საქმეს. იქ გვითხრეს, ჩვენ ყველაფერი გამოძიებული გვაქვს, ჩვენ აქედან შეუფითილებთ და თქვენ იქიდან შეუფითილეთო. აი ამ სიტყვებით გამოგვისტუმრეს პროკურატურიდან. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია, ზემოდან თუ არ მივიღეთ ბრძანება, ისე ვერაფერს გეტყვითო.
_ ეს რომელმა პროკურორმა  გითხრათ?
_ დავით სიმონიამ. ის კურირებს ჩვენს საქმეს.
 
"აიპრესი" დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკუროს დავით სიმონიას დაუკავშირდა. მისი თქმით: "გოგიტა აბულაძის საქმის გამოძიება არ არის დასრულებული. რაც მოსალოდნელი საგამოძიებო მოქმედებები იყო ჩასატარებელი, ყველაფერი არის ჩატარებულია. საქმეზე საგამოძიებო მუშაობის გარდა, ოპერატიული მუშაობაც მიმდინარეობს. მე რამდენჯერმე მქონდა აბულაძის ოჯახის წევრებთან  შეხვედრა, ავუხსენი, რისი თქმაც შემეძლო ყველაფერი ვუთხარი. ერთი სიტყვით, ეს საქმე გაჩერებული არ არის. არც გამოძიებაა გაჩერებული.  ანუ, ისეთი მტკიცებულებები კონკრეტულად ვინმეს მიმართ დაიწყოს დევნა, ჯერ-ჯერობით საქმეში არ არის.“
 
_ არის თუ არა ამ საქმეში დაკითხული მალხაზ პაჭკორია?
_  არის დაკითხული. თუ არ ვცდები რამდენჯერმე არის დაკითხული.
_ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული ვინმეს მიმართ?
_ სისხლის სამართლებრივი დევნა არავის მიმართ არ არის დაწყებული. სწორედ ეს პრეტენზია აქვს აბულაძის ოჯახის წევრებს. მალხაზ პაჭკორიაზე და სხვა ყოფილი თანამდებობის პირებზე აქვთ პრეტენზია, გაგვარკვიონ რა მოხდაო. აქვთ ეჭვი, რომელიმე სამართალდამცავი სტრუქტურა ხომ არ არის გარეული ამ საქმეში.
_ გოგიტა აბულაძის გაუჩინარებიდან 3 წელი გავიდა. თუმცა, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. ფაქტიურად,  ეს საქმეც თაროზე შემოდებულ საქმეთა ნუსხაში შევიდა.
_ ვერ დაგეთანხმებით. არ არის ეს საქმე შემოდებული თაროზე. ეს ეხება ძველ ფაქტს. ძველი ფაქტის გამოძიება ადვილი არ არის. მითუმეტეს მარტო მოწმეების ჩვენებების საფუძველზე და ა.შ. რა შესაძლო ვერსიებიც ჰქონდა გამოძიებას, მაქსიმალურად არის გადამოწმებული. კონკრეტული გარემოება, რა მოუვიდა გოგიტა აბულაძეს, ანუ გაუჩინარებასთან გვაქვს საქმე, უგზო უკვლოდ დაკარგვასთან, მკვლელობასთან, თვითმკვლელობასთან და ა.შ. ჯერ-ჯერობით ეს არ არის დადგენილი.
_ საქმეზე გამოძიება რა მუხლით მიმდინარეობს?
_ როგორც მახსოვს, ამ საქმეზე გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარე პოლიციაში არის დაწყებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ, რადგან ოჯახი გამოთქვამდა პრეტენზიებს, საქმე ააცილეს იმ სტუქტურას და დაუქვემდებარეს იმერეთის სამხარეო პოლიციას.  
ფაქტობრივად, იმერეთის სამხარეო პოლიციამ ყველა თავიდან დაკითხა,  ყველა საგამოძიებო მოქმედება თავიდან ჩაატარა. ასევე, დამოუკიდებლად ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. ეს საქმე გათხოვილი იყო ჩვენს ზემდგომ ინსტანციაში. ოჯახი საჩივრით ვისაც მიმართავდა,   პროკურატურას, შსს-ს საქმე ყველგან იყო გათხოვილი და შესწავლილი.
_ ოჯახს პრეტენზია აქვა ზუგდიდის პროკურატურისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიმართ. ცინარა აბულაძე ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლება იგი ცემეს. თუ არიან ეს სამართალდამცავები დაკითხული?
_ ცემა უშუალოდ არ ეხება გოგიტა აბულაძის გაუჩინარების ფაქტს. ასეთი საჩივრები შემოდიოდა და ამ ინფორმაციას იძლეოდა ეს ხალხი. მაგრამ, უშუალოდ ეს არის დამოუკიდებელი ფაქტები. ეს ჩვენი საქმის გამოძიების საგანი არ არის. პრეზიდენტთან უნდოდა შეხვედრა და არ მიუშვეს პოლიციის თანამშრომლებმა და ა.შ. ეს დამოუკიდებელი ფაქტები გოგიტა აბულაძის გაუჩინარებასთან არ არის დაკავშირებული. პოლიციის თანამშრომლებს, ვისაც ჰქონდა შემხებლობა გოგიტა აბულაძის საქმესთან,  ისინი დაკითხულები არიან.
_ 2008 წლის აგვისტოში მომხდარ გაუჩინარების ორი ფაქტი 2014 წელს გახსნა შსს-მ. თქვენ განაცხადეთ, რომ აბულაძის საქმე ძველი საქმეა და მისი გახსნა ასეთი ადვილი არ არის. გოგიტა აბულაძე 3 წლის წინ გაუჩინარდა, ისინი 2008-ში.
_ იქ იყო კონკრეტული მტკიცებულებები, ინფორმაცია და ა.შ. რაც ამ წუთში გოგიტა აბულაძის საქმეში ჩვენ არ გვაქვს.
 _ ანუ, გოგიტა აბულაძის გაუჩინარების საქმეში, სისხლის სამართლებრივი დევნა რომ განხორციელდეს კონკრეტულ პირზე, ასეთი მტკიცებულება არ არსებობს?
_ასეთი რამე არ არსებობს, თორემ დევნა დიდი ხნის წინ იქნებოდა დაწყებული. მე ოჯახს ვუთხარი: შეუძლიათ აიყვანონ ადვოკატი, პროფესიონალი იურისტი. რომელიც მათი ნდობით აღჭურვილი პირი იქნება. ჩვენ კანონი რის უფლებასაც მოგვცემს ამ საქმესთან დაკავშირებით, იმის მიხედვით, მას გარკვეულ ინფორმაციას მივაწვდით. ის უფრო გაიგებს პროფესიული კუთხით. მაგრამ, აქაც არ შეიძლება ჯერ-ჯერობით ვინმეს მიმართ დევნის დაწყება. არსებობს მარტო ეჭვი. ეჭვის საფუძველზე დევნას ხომ ვერ დავიწყებთ?!
_ ანუ თქვენ, მალხაზ პაჭკორიაზე საუბრობთ?
_ ნუ ოჯახს ყველაზე დიდი ეჭვი ამ პიროვნების მიმარ აქვს. იმიტომ, რომ იქ არის გარკვეული მომენტები და ფაქტები, რომელსაც ოჯახი ჩვენებაში მიუთითებს, რასაც მალხაზ პაჭკორია უარყოფს. მალხაზ პაჭკორია საერთოდ უარყოფს გიორგი აბულაძესთან რამე კავშირს და კონტაქტს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად