ადა მარშანია: დასაშლელია ეს პარლამენტი

დასაშლელია ეს პარლამენტი, – ასეთი რეაქცია ჰქონდა “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს, დეპუტატ ადა მარშანიას მას შემდეგ, რაც მათ მიერ მომზადებული რეზოლუცია სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე ჩავარდა.

რეზოლუციის პროექტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 16 იყო.

რეზოლუციის პროექტში წერია:

“სააკაშვილისა და ბოკერიას მმართველობის პერიოდში საქართველოში დამყარდა დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც: არჩევნების გაყალბების გზით, განახორციელა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია; უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებაში; სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 პირი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 -პოლიტდევნილად;

ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად; განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება; მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი; ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი; დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ჩამოთვლილ დანაშაულებებზე პასუხისმგებლები უდაოდ არიან მ. სააკაშვილი და გ. ბოკერია და მათ მიერ კონტროლირებადი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით: საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გამოცხადდეს სააკაშვილ- ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად; ექვსი თვის ვადაში პასუხისმგებლობა დაეკისროს სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის ყველა მთავარ ფიგურანტს, სათანადოდ დაისაჯონ ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირები; საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ამ რეზოლუციის აღსრულების ოპერატიული კონტროლი”.

მსგავსი სიახლეები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...