აბო თბილელზე ავარიული შენობის გადაუდებელი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება

ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის მიმდებარედ, აბო თბილელის 3/8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, მისი მძიმე კონსტრუქციული მდგომარეობიდან გამომდინარე, გარე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დაზიანდა და ფასადის კედელი ჩამოინგრა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ შენობა-ნაგებობა მისი მძიმე ავარიულობის გამო აღდგენასა და გამაგრებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ გადაწყდა, იქ მცხოვრები მოსახლეობისა და მომიჯნავე შენობების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოხდეს აბო თბილელის 3/8-ში მდებარე შენობის დემონტაჟი, ხოლო მისი მშენებლობა გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის მიხედვით განხორციელდეს. აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით  დამცავი ღობით უკვე შემოიფარგლა.

თბილისის განვითარების ფონდმა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის კონსერვაციის გეგმაზე კონკურსი სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. გამარჯვებულ კომპანია „საქართველოს ICOMOSI-ის კავშირთან“ ხელშეკრულება 2 კვირის წინ გაფორმდა და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის კონსერვაციის გეგმას „საქართველოს ICOMOSI-ის კავშირი“ 6 თვის ვადაში მოამზადებს, რაც გუდიაშვილის მოედნის გარშემო მდებარე თითოეული საცხოვრებელი სახლის კვლევასა და აღდგენა-რეაბილიტაციის პრინციპების ჩამოყალიბებას გულისხმობს. გეგმის მიხედვით შექიმნება სახელმღვანელო, რომლითაც ამ ისტორიული უბნის რეაბილიტაციის კრიტერიუმები ზუსტად განისაზღვრება. 

აბო თბილელის N3/8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ჩასატარებლად  მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო შენობის დაშლა რამდენიმე დღეში დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...