აბესაძე მოსამართლეებზე: ფასადური პროცედურებისთვის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ ვაპირებთ

“ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს მსგავსად, პარლამენტშიც პროცედურა იქნება ნაკლებად გამჭვირვალე და უკიდურესად მიკერძოებული იმ კანდიდატების გასაყვანად, რომელზეც წინასწარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”. ​ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში შექმნილ ჯგუფთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კანდიდატების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს.

ირაკლი აბესაძის თქმით, “ევროპული საქართველო” ამ ჯგუფში მუშაობას არ მიიღებს, რადგან პარლამენტი აპირებს მხოლოდ ფასადური პროცედურების ჩატარებას და არ ითვალისწინებს ეუთოს შეფასებას, რომ იუსტიციის საბჭოში პროცედურა ბუნდოვნად და მიკერძოებულად წარიმართა.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შექმნილიყო ექსპერტების, არასამთავრობოების ჩართულობით და მათი მთავარი მიზანი ყოფილიყო, დეპუტატებისთვის მოემზადებინათ საკუთარი დასკვნა კანდიდატების შესაბამისობის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობასთან. ამის ნაცვლად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გააგრძელა ფორმალური ხასიათის პროცედურები, ისევე როგორც იუსტიციის საბჭოში იყო იყო და სამუშაო ჯგუფის მანდატად განსაზღვრა მხოლოდ კანდიდატების დაბადების მოწმობის, შრომის წიგნაკის, დიპლომის გადამოწმება, რაც ძალიან ტექნიკური ხასიათის სამუშაოა და ამისთვის ექსპერტების მოწვევა საჭირო ნამდვილად არ არის. ასეთი ფასადური პროცედურებისთვის არ ვაპირებთ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსნებთ, გუშინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კანდიდატების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას შეისწავლის.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებიდან – ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე;

“პატრიოტთა ალიანსიდან” – გელა მიქაძე, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით კი ლევან გოგიჩაიშვილი.

ჯგუფის წევრობის შეთავაზება, 1 კვოტით, მიღებული აქვს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასაც”, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას.

“ევროპულ საქართველო”, ჯგუფში მონაწილეობას არ აპირებენ.

ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობაში, სავარაუდოდ ჩაერთვება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც.

საპარალამენტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი წევრი

სამუშაო ჯგუფს მუშაობისთვის განესაზღვრა 10 დღე. იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა და საჯარო განხილვები დაიწყება 23 სექტემბერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად