აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს სსიპ-ად ყალიბდება

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია განთქმულია მსოფლიოს მასშტაბით და მის ბაზაზე 80 წელზე მეტია მიმდინარეობს უწყვეტი მეცნიერული კვლევები და ასტრონომიული დაკვირვებები. მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის, მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო დაწესებულების შემდგომი განვითარება, გაძლიერება და მისი საერთაშორისო ჩართულობის ხარისხის ამაღლება გლობალურ სამეცნიერო სივრცეში.

სამინისტრო მუშაობს უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და კვლევების ერთიან კლასტერულ პოლიტიკაზე. ერთ-ერთი ასეთი კლასტერი სწორედ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. აბასთუმნის ობსერვატორია კლასტერის შესაქმნელად საუკეთესო სივრცეა, რადგან ამ დაწესებულებაში არსებობს ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და განვითარების მზარდი პოტენციალი.

ფინანსური და სხვადასხვა რესურსის გაძლიერებით, ობსერვატორია ხელმისაწვდომი გახდება ყველა უმაღლესი სასწავლებლის, სამეცნიერო ორგანიზაციისთვის, მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

ობსერვატორიის ბაზაზე განხორციელდება კლასტერული ქსელის ფორმირება და შესაბამისად, თანაბარი ხელმისაწვდომობა ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. განხორციელდება დაწესებულების ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, აღჭურვილობის განახლება, კვლევით პროცესებში ჩართული პერსონალის პირობების გაუმჯობესება და სხვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე იქნა მიღებული”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად