აბაშიძე ვაჟა გაფრინდაშვილზე: მკურნალობდა განურჩევლად ყველას – ქართველებს, რუსებს, ოსებს

პრაღაში, 28 ნოემბერს უნდა ჩატარდეს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები. რუსეთის მხრიდან წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იქნება, ხოლო საქართველოს მხრიდან – სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა გაართულოს იმან, რომ გასულ კვირას, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. იგი აგრეთვე მკურნალობდა ორ რუს მფრინავს, რომელთა თვითმფრინავიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩამოაგდეს. თბილისი მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

ამასთან დაკავშირებით, რუსული „კომერსანტის“ ჟურნალისტი ზურაბ აბაშიძეს ეკითხება:

– რუსულ და ქართულ მედიაში, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად განიხილება არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ინცინდენტი – ქართველი ექიმის ვაჯა გაფრინდაშვილის დაკავება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. დე ფაქტო ცხინვალის მხარე აცხადებს, რომ ექიმი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის მოვლენებში. თბილისი ამას უარყოფს. ინციდენტი ჯერჯერობით დარეგულირებული არ არის. როგორ შეიძლება, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს?

– “გულახდილად გეტყვით, რომ ეს სიტუაცია ჩვენ და მეც პირადად ძალიან გვაღელვებს და ჩვენი შეხვედრისთვის კარასინთან არასახარბიელო ფონს გვიქმნის. ქვეყანაში ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალში, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის დააკავეს. იყო განცხადებები, რომ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის საომარ მოქმედებებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეს ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მას არასდროს ჰქონია რაიმე სახის შეხება სამხედრო უწყებასთან.

ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგები – ექიმები ძალიან ემოციური მიმართვებით გამოვიდნენ, რაც სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის იმ მტკივნეული დღეების განმავლობაში იგი კლინიკაში მუშაობდა და მის პაციენტებს შორის ორი რუსი მფრინავიც კი იყო. მან უმკურნალა მფრინავებს და შემდეგ ისინი უპრობლემოდ დაბრუნდნენ რუსეთში. ამასთან დაკავშირებით, გაფრინდაშვილის კოლეგებმა მიმართეს ხსენებულ მფრინავებს, რომ გამოვიდნენ და მათაც თქვან თავიანთი სიტყვა, გაიხსენონ, თუ როგორ უმკურნალეს და როგორ ექცეოდნენ მათ მაშინ.

მას არანაირი შეხება ჰქონია სამხედრო მოქმედებებთან, იგი მაშინ ექიმად მუშაობდა და განურჩევლად ყველას მკურნალობდა – ქართველებს, რუსებს, ოსებს. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან მზაკვრულად გამოიყურება და რაიმე სახის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ საუბარიც კი უხერხულია.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად