საქართველოს ყოფილ ელჩს ლიეტუვაში ბინის ქირის გადახდა სასამართლოთი დაეკისრა

დიპლომატიური იმუნიტეტი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის სავარაუდო საბაბი გახდა. ლიეტუვაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძემ ვილნიუსის სასამართლომ ბინის ქირის საფასურის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო www.lrytas.lt ავრცელებს.

მედიის ცნობით, 2019 წლის ივლისის ბოლოს, ხათუნა სალუქვაძეს ვილნიუსის სასამართლომ ბინის მეპატრონე მანუელ რუიზა გარსიასთვის 8 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.  ქართველმა დიპლომატმა ასევე 150 ევროს ჯარიმა და სასამართლოს მომსახურების მოსაკრებლის სახით 1,200 ევრო უნდა გადაიხადოს.

“სალუქვაძე, რომელიც საქართველოსა და ლიეტუვას შორის კარგი ურთიერთობებით ამაყობს, დარწმუნებულია, რომ ორმხრივი პარტნიორობის განმტკიცება მისი დამსახურებაა, თუმცა ის ლიეტუვის სასამართლოს განჩინებას არ ცნობს. სასამართლომ დაადგინა, რომ ელჩმა ვილნიუსში ყოფნის დროს მესაკუთრის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო, რის გამოც მას სესხებისა და პროცენტების გადახდა დაეკისრა”,-წერს ადგილობრივი მედია.

მიუხედავად იმისა, რომ მანუელ რუიზა გარსიამ დიპლომატს გასული წლის ნოემბერში უჩივლა, მან მოგვიანებით  თავისი სარჩელი შეცვალა და საბოლოოდ, მხოლოდ უპროცენტო ქირა მოითხოვა.

“მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს სასამართლომ ხათუნა სალუქვაძეს ბინის საფასურის, პროცენტისა და სამართალწარმოების ხარჯების გადახდა დააკისრა, მაგრამ დიპლომატს ბინის მესაკუთრის ანგარიშზე თანხა არ ჩაურიცხავს და არც სასამართლოს გადაწყვეტილება შეუსრულებია….სალუქვაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს…”,-წერს ადგილობრივი მედია.

ინფორმაციის გადასამოწმებლად ipress.ge საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე სასამართლო დავასთან დაკავშირებით საქმის კურსშია.

“როგორც ლიეტუაში საქართველოს ყოფილი ელჩი აცხადებს, მათ შორის საჯარო კომენტარებში, ბინის მესაკუთრე მას ქირის თანხას უსაფუძვლოდ ედავება, რაც გახლავთ შესაბამისი უწყებების გასარკვევი. ეს არის ფიზიკურ პირების შორის დავა. საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისად სახელმწიფო მსგავს დავაში არ ერევა”,-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თავად ყოფილი ელჩი bm.ge-სთან აცხადებს, რომ შესაძლოა, ბინის მფლობელმა, სასამართლოში სარჩელი მართლაც შეიტანა.

„როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა ჩემი რეპუტაციის დაზიანება, რადგან თავად ისტორია საყოფაცხოვრებოა, მაგრამ სავარაუდოდ, გარკვეულმა დაინტერესებულმა ძალებმა მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა გადაწყვიტეს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ქართველი დიპლომატების ელჩად მივლინება ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, იქ ჩვენ როგორც ფიზიკური პირები ისე ვქირაობთ საცხოვრებელ ბინას. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. შემდეგ მოხდა ისე, რომ ლიეტუვაში ჩემი ელჩად მუშაობის დასრულების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია, ამიტომ მომიწია ვილნიუსში დარჩენა და როგორც ელჩი ჩვეულებრივ ვმუშაობდი. შესაბამისად, ვცხოვრობდი იმ ბინაში, რომელიც უკვე 5 წელი ნაქირავები მქონდა და კონტრაქტის მიხედვით დეპოზიტზე რამდენიმე თვის ქირა წინასწარ იდო, რომელიც ბოლო თვეებში შესაძლებელია ქირის გადასახდელად მიიმართოს.

ვინაიდან ლიეტუვადან ჩემი წამოსვლის ვადა რამდენჯერმე შეიცვალა 3-4 თვის ვადით, ბინის მეპატრონე ესპანეთის მოქალაქემ ეს ფაქტი გამოიყენა იმისთვის, რომ მოეთხოვა ახალი, გაზრდილი გადასახადი, ამან პრაქტიკულად მისი მხრიდან გამოძალვის სახე მიიღო, როდესაც მან გადაწყვიტა დიპლომატიური სენსიტიურობა დამატებითი შემოსავლის წყაროდ გამოეყენებინა; რადგან ახალ კონტრაქტს ვერ დავდებდი იმის გამო, რომ წამოსვლის ვადა გაურკვეველი იყო, დარჩენილი თვეების განმავლობაში ქირის გადახდა ჩვეულებრივ ხდებოდა – მეპატრონე იღებდა არსებული კონტრაქტით განსაზღვრულ ქირას, რადგან კონტრაქტის მიხედვით, დეპოზიტზე რამდენიმე თვის ქირა წინასწარ იდო და ბუნებრივია, გამორიცხული იყო თანხის გადაუხდელობის და „გადაგდების“ მომენტი”,-აცხადებს ხათუნა სალუქვაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად