97 მილიონ მოსახლეობიან ამ ქვეყანაში კორონავირუსით დღემდე არავინ გარდაცვლილა და მხოლოდ 326 დაინფიცირდა (ვიდეო)

მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, სადაც კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ვიეტნამი განსაკუთრებით გამორჩეულია

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დღემდე მსოფლიოს 215 ქვეყანაში, ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე და ორ გემზეა გამოვლენილი.

ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მხოლოდ რამდენიმე კუნძულოვან სახელმწიფოში და აგრეთვე, თურქმენეთში და ჩრდილოეთ კორეაში, ხოლო ისეთი ქვეყნები და ტერიტორიები კი, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია, მაგრამ ინფიცირებულთაგან არცერთი არ გარდაცვლილა, სულ 30-ია.

30 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან 10-ია ისეთი, რომლის მოსახლეობაც მილიონზე მეტია და ამ 10-დან 3 ისეთია, რომელსაც ჩინეთი უშუალოდ ესაზღვრება.

3,3 მილიონიან მონღოლეთში და 7,3 მილიონიან ლაოსში ინფიცირებულთა უფრო ნაკლები რაოდენობაა დაფიქსირებული, ვიდრე ვიეტნამში, თუმცა ამ უკანასკნელში, მათთან შედარებით, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეა – 97,3 მილიონი.

დღემდე ვიეტნამში კორონავირუსით ინფიცირების 328 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან სრულად განიკურნა 293 კაცი, ხოლო იმ 35 კაცს შორის, რომელიც ჯერ კიდევ მკურნალობს, მხოლოდ ერთის მდგომარეობაა მძიმე.

ექსპტრთა აზრით, ქვეყანაში, სადაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით 10 000 კაცზე მხოლოდ 8 ექიმი მოდის, კორონავირუსის ბრძოლაში წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა კორონავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე მიღებულმა მკაცრმა ზომებმა.

ვიეტნამში კორონავირუსის აფეთქებისთვის მზადება 23 იანვარს, ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენამდე რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. იმ დროს ჩინეთი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებდნენ, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის “მკაფიო მტკიცებულებები” არ არსებობდა.

ვიეტნამმა ჩათვალა, რომ ეს ასე არ იყო, არ დაელოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს და საწყის ეტაპზე მიიღო ზომები. იანვრის დასწყისში ვიეტნამმა ჰანოის საერთაშორისო აეროპორტში უხანიდან ჩაფრენილი მგზავრების თერმოსკრინინგი დაიწყო.

23 იანვარს, ვიეტნამში, ინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ვიეტნამში მყოფ ჩინელს უხანიდან მამა ესტუმრა. 22 იანვარს ორივე საავადმყოფოში დააწვინეს, 23-ში კი ვიეტნამმა მათი ინფიცირება დაადასტურა. თვის ბოლოს უხანში ნამყოფ სამ ვიეტნამელს დაუდგინდა კორონავირუსი, ხოლო 1 თებერვალს კი ოტელის მისაღების თანამშრომელს,მამა-შვილთან კონტაქტის მქონეს.

ამ შემთხვევიდან მეორე დღეს ვიეტნამმა ეპიდემია გამოაცახადა და შეაჩერა ფრენები იმ ქვეყნებთან, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იყო.

ფრენების შეჩერებამდე რამდენიმე დღით, 27 თებერვალს, მთვარის ახალი წლის დღესასწაულის დღეებში კომუნისტური პარტიის სასწრაფოდ მოწვეულ სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნგუენ სუან ფუკმა, კორონავირუსს ბრძოლა გამოუცხადა. “ამ ეპიდემიასთან ბრძოლა – ეს იგივე მტერთან ბრძოლაა”, – თქვა მან.

1 თებერვალს, იმ დროს, როცა ქვეყანაში ინფიცირების 6 შემთხვევა იყო დადასტურებული, ვიეტნამმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თებერვლის განმავლობაში მან იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომლებიდანაც ვიეტნამში შესვლა აიკრძალა,ხოლო მარტის ბოლოსთვის ყველა უცხოელისთვის დაიკეტა საზღვარი.

ადრეულ ეტაპზე ზომების მიღებამ და პაციენტთა კონტაქტების გამოვლენის მიმართულებით გამოჩენილმა დიდმა გულმოდგინებამ ფაქტიურად შეაჩერა ვირუსის მასიურად გავრცელება და მთელი სამი კვირის განმავლობაში, 6 მარტამდე, ვირუსის მეორე ტალღის დაწყებამდე, ვიეტნამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 16 იყო.

დიდი როლი ითამაშა ხელისუფლების მიერ საზოგადობასთან კომუნიკაციის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა და პროპაგანდამ. პირველ დღეებშივე შეიქმნა ვებ-გვერდები, გაიხსნა ცხელი ხაზის ნომრები, შეიქმნა მობილური აპლიკაციები. სპიკერები, ქუჩის პლაკატები, პრესა და სოციალური ქსელები მუდმივად შეახსენებდნენ მოსახლეობას კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ზომების მიღების აუცილებლობას.

თებერვლის ბოლოს ვიეტნამის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გადაიღო მიმზიდველი მუსიკალური კლიპი – “როგორ დავიბანოთ ხელები სწორად”, რომელიც უმალ ვირუსულად გავრცელდა და დღეისათვის მისი სხვადასხვა ვარიანტი “იუთუბზე” 48 მილიონზე მეტმა კაცმა ნახა.

კორონავირუსთან ბრძოლაში ვიეტნამის წარმატებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 2002 და 2003 წლებში ატიპური პნევმონიის და მისი მომდევნო ისეთი ინფექციური დაავადებების აფეთქების დროს მიღებულ გამოცდილებას, როგორიცაა ქათმის გრიპი.

დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დარაზმულობამ და დისციპლინამ.

“აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან, ბევრ უფრო მდიდარ ქვეყნებთან შედარებით ბევრად უფრო ფრთხილად ეკიდება აქ მოსახლეობა ინფექციურ დაავადებებს”, – ამბობს ვიეტნამის ინფექციური კონტროლის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი ფამ კუანგ ტაი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად