80 მილიონიანი “ელიავა რეგიონული მოლი” – როგორი იქნება ელიავას ბაზრობა (ფოტორეპორტაჟი)

გენგეგმის დამტკიცების მოახლოებასთან ერთად, ელიავას ბაზრობის საკითხი ისევ გააქტიურდა. ქალაქის მერის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მფლობელებს თავად აქვთ სურვილი ტერიტორია ევროპული დონის სავაჭრო ცენტრად აქციონ.

მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მერიას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან, მფლობელებთან.

“ისინი არიან ძალიან გახსნილები,თავადვე გრძნობენ დისკომფორტს იმ მდგომარეობის გამო, რაც შექმნილია დღესდღეობით ამ არეალში.

შესაბამისად, მათი სურვილია,გადააქციონ ეს ტერიტორია, როგორც სარეკრეაცია,ისე სავაჭრო, გასართობ,დასასვენებელ ზონად. ძალიან თანამედროვე ხედვები აქვთ ამ ადამიანებს,თუმცა სხვათაშორის გრგ-ეც არის საკრებულოში წასული და ალბათ მოგვიწევს ამ საკითხზე ჩამოყალიბება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.” – აცხადებს ელოშვილი.

ე.წ ელიავას ბაზრობის მწვანე კონცეფციის სავაჭრო მოლად გადაქცევის პროექტი ბაზრობის ადმინისტრაციას ეკუთვნის. მათ რეგიონული მასშტაბის პროექტის განხორციელება გადაწყვიტეს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების მწვანე კონცეფციის სავაჭრო გასართობი მოლი 5 ჰექტარ ფართობზე უნდა გაშენდეს.

80 მილიონი ლარის პროექტზე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი უკვე მუშაობს. ახალი სავაჭრო გასართობი მოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გამწვანებაა.პროექტში გაწერილია ეგზოტიკური ხეების მუზეუმის და რამდენიმე ორანჟერიის მოწყობა.

“ელიავა რეგიონული მოლის’’ პროექტის ფარგლებში იგეგმება მასშტაბური ავტოპარკინგის მოწყობა. საწყის ეტაპზე პარკინგი 2500 ავტომანქანას მოემსახურება.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ელიავას ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია.

მათი თქმით, 2011 წლიდან ადმინისტრაციას ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის დახარჯული აქვს 10 მილიონამდე ლარი. ელიავას ბაზრობიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 200-დან 250 მილიონ ლარამდე შედის. ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ კი ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

პროექტიც ჯერ განხილვის სტადიაზეა და მისი განხორციელება მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად