77 წლის ლოტბარი იროდი ტიკარაძე – 51 წელი ხელოვნების და ქართული ხალხური სიმღერის სადარაჯოზე

77  წლის ლოტბარი იროდი ტიკარაძე 51 წელია ხელოვნებას ემსახურება. მის მიერ შექმნილი ანსამბლები და გუნდები  ერთსულოვნებით, განსაკუთრებული სირთულის რეპერტუარის ზედმიწევნით თავისუფალი შესრულებით  და  მანერით გამოირჩევიან. ბატონ იროდის კალამიც უჭრის, წერს ლექსებს, პიესებს, ტექსტებს ხალხური სიმღერებისათვის.

ის წარმოშობით გურიიდანაა.დასავლეთ საქათველოს სხვასხვა ქალაქში მოღვაწეობის შემდეგ, 1973 წლიდან თავისი ცხოვრება და შემოქმედება საბოლოოდ  ფოთს დაუკავშირა. ღვაწლმოსილი ხელოვანი, ამჯერად, ფოთის ფოლკლორის ცენტრის ლოტბარი და კონსულტანტია.მას არაერთი ჯილდო და წოდება აქვს მიღებული: I კატეგორიის ლოტბარი (1988); ღირსების ორდენის კავალერი (2000); ქალაქ ფოთის კოლორიტი (2009); ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე (2010); კულტურის სამინისტროს, ხალხური შემოქმედების სამეცნიერო ცენტრისა და საქართველოს პრეზიდენტის სამადლობელი წერილები ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის; საქართველოს დამსახურებული პედაგოგი (2012); ხელოვნების ქურუმი – ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2016); აჭარის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საზოგადოების საპატიო წევრი (2016); საქართველოს საგუნდო მუსიკის ამაგდარი (2016); პერსონალური ვარსკვლავი (2017); გამოიცა წიგნი – იროდი ტიკარაძე ქართული სიმღერის მოამაგე (2017); ნიკო ნიკოლაძის საიუბილეო მედლის ასლის მფლობელი (2018).

 მოგვიყევით, ვინ შთაგაგონათ მუსიკის სიყვარული?

მინდა გითხრათ, რომ ეს თავისთავად მოხდა, რადგან მე დავიბადე მრავალშვილიან ოჯახში, სადაც ყველა მღეროდა. მამა კი, ლანჩხუთის რაიონში, ცნობილი მომღერალი იყო. სწორედ  მათგან მემკვიდრეობით მივიღე ქართული მუსიკალური ფოლკლორის სიყვარული და ამ სიყვარულითაა გამსჭვალული მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება.

პირველად როდის დადექით სცენაზე?

ვმღერი როგორც იტყვიან დაბადებიდან. სწორედ ბავშვობაში ვისწავლე გურული სიმღერები. რაც შეეხება ჩემს პირველ გამოჩენას სცენაზე, ეს კურიოზი იყო. 7 წლის ვიყავი როცა  სკოლის დირექტორს წარუდგინეს ჩემი თავი, კარგად მღერისო. ოჯახის წევრებისთვის რჩევა არ მიკითხავს ისე გადავწყვიტე, იმ დროს პოპულარული სიმღერა სიყვარულზე – „მაგიჟებს შენი თვალები“ შემესრულებინა. ჩემი ასაკისთვის შეუფერებელი სიმღერის შესრულების გამო დირექტორმა თქვა – ამ ბავშვის ხმა არ გამაგონოთო.

დიდი მისია გაქვთ ძალიან, ახალი თაობების აღზრდა…არაერთი თაობა აღზარდეთ, გვიამბეთ მათზე…

ბედნიერი კაცი ვარ,  რადგან ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ ბავშვებს ვასწავლო და შევაყვარო ჩვენი ერის საგანძური, ქართული ხალხური სიმღერა-გალობა.  დღევანდელი გადასახედიდან მეამაყება, რომ აღვზარდე ათასობით ბავშვი, რომლებმაც იციან ქართული ხალხური სიმღერების ისტორია, არიან საუკეთესო მსმენელები. არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომელთაც ეს საქმე პროფესიად აირჩიეს და დღესაც მღერიან სხვადასხვა ცნობილ ანსამბლებში, ზოგიც თავად ლოტბარია. თუ გინდა,  რომ ხალხური სიმღერა დავიწყებას  არ მიეცეს, შეინახო და გადაარჩინო, იგი ბავშვებს უნდა ასწავლო! ვთვლი, რომ ჩემი შრომა წყალში არ ჩაყრილა და გაგრძელებას ჩემს აღზრდილებში ჰპოვებს.

 რთულია საბავშვო გუნდის ხელმძღვანელობა? როგორ ეკიდებიან ბავშვები ხალხური სიმღერების შესწავლას?

როცა შენი საქმე გიყვარს და პასუხისმგებლობით ეკიდები, ალბათ რთული არაფერია. თუმცა, დღევანდელი თაობა განსხვავებულია, ახალმა ტექნოლოგიებმა  მათი აზროვნება ძალიან  შეცვალა. უჭირთ რეპეტიციებზე დაჯდომა,  მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გულგრილნი არიან ხალხური სიმღერების მიმართ. ყოველთვის მყავდა და მყავს გამორჩეული მომღერლები, რომლებიც განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ხალხური სიმღერის მიმართ. ძირფესვიანად აინტერესებთ თითოეული კუთხის სიმღერის ისტორია, შესრულების მანერა და შედეგიც არ აყოვნებს. ძალიან ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ ბავშვები სწორად აღვზარდო და როცა იმ ეტაპამდე მივალ, როდესაც სამივე ხმას  თავისუფლად ფლობენ, ხმიდან ხმაზე არ გადადიან, მაშინ არანაირი სირთულის სიმღერის გაკეთების არ მეშინია.

რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლების შესწავლას ბავშვის სამყაროს ფორმირებაში?

უდიდესი.  ქართული  სიმღერა ერთგვარ წარმოდგენას უქმნის ბავშვს   წინაპართა ადათ-წესებზე. ხალხურ სიმღერებში  არეკლილია ჩვენი ერის  უძველესი ისტორია, სულიერება, ზნეობა, სტუმართმოყვარეობა, პატრიოტული თუ გმირული შემართება და ბევრი სხვა, რაც სწორედ ბავშვის სულის ფორმირებას უწყობს ხელს.

 

თქვენს  შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ანსამბლ „ფაზისს“, რომელიც უკვე 46 წელია მაყურბელში  დიდ პოპულარობით სარგებლობს. გაიხსენეთ როგორ შექმენით „ფაზისი“?

1973 წელს საქალაქო კულტურის სახლთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის დაშლის შემდეგ, ბატონმა ტოგო მირცხულავამ (კულტურის სახლის დირექტორი) მიმიწვია ანსამბლის შესაქმნელად. ერთად დავდიოდით მომღერლების შესაკრებად, ზოგი გამოცდილი მომღერალი იყო, ზოგი დამწყები.  დიდი დრო არ დაგვჭირვებია საკმარისი რაოდენობის მომღერლების შესაკრებად. დავიწყე ინტენსიური მუშაობა. ბევრი დაბრკოლება გადავლახეთ, არც ისე იოლი გახლდათ ისეთი ტრადიციების მქონე ქალაქში, როცორიც ფოთია, შეკრულიყო  ანსამბლი, რომელიც გამორჩეული და სამაგალითო იქნებოდა და თავის ადგილს დაიმკვიდრებდა ქალაქის კულტურულ ისტორიაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელი.  შემოვიკრიბე განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების,  გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე ახალგაზრდა მომღერლები და ჩამოვაყალიბე სტაბილური კოლექტივი,  რომელიც ძალიან შეიყვარა ხალხმა. ფართო მაყურებლის წინაშე ანსამბლი 1975 წელს, ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალზე წარსდგა, სადაც ანსამბლს „ფაზისი“ ვუწოდე.  წარმატებას წარმატება მოსდევდა. მას შემდეგ დიდი  დრო გავიდა, „ფაზისი“ 46  წლისაა და დღესაც წარმატებული და საყვარელი ანსამბლია.

საგასტროლო მოგზაურობიდან განსაკუთრებით რომელი გახსენდებათ?

როცა ანსამბლ „ფაზისთან“ ერთად  პირველად გავემგზავრეთ  გერმანიაში საგასტროლოდ, ამაყი ვიყავი იმით, რომ მთავარმა სატელევიზიო არხმა გადასცა ჩვენი ანსამბლის შესრულებით საუკეთესო ნომრები. ეს ის დროა, როცა დიდ იშვიათობას წარმოადგენდა ჯერ საზღვარგარეთ წასვლა და  ტელევიზიით გამოჩენა ხომ საერთოდ.

ასევე, არ დამავიწყდება ჩემი ახალგაზრდული ანსამბლ „ფოთის“ გასტროლი საბერძნეთში, სადაც ფერიცვალების დღეს ეკლესიაში წირვაზე მიგვიწვიეს. წირვას, ფესტივალის ჟიურის წევრები და ფესტივალში მონაწილე კოლექტივების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გვთხოვეს საგალობლები შეგვესრულებინა. ქართული საგალობლების შემდეგ, შევასრულეთ ბერძნული საგალობელი „აგიოს ათეოს“ (წმინდაო ღმერთო). აღფრთოვანებულმა  მსმენელმა მქუხარე ტაშითა და შეძახილებით დაგვაჯილდოვა. აპლოდისმენტებს მოკლებული არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ტაძარში?..     ფესტივალის დახურვისასა, კი დაჯილდოების დროს, ჟიურიმ ფოთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ფოთი“ ფესტივალის საუკეთესო კოლექტივად აღიარა.

თქვენ ასევე  სუიტების შექმნის დიდოსტატი ხართ, მოგვიყევით, როგორ იბადება იდეა, რომელიც შემდგომ უდიდეს მოწონებას იმსახურებს?

სუიტა ერთგვარი ჰობია ჩემს შემოქმედებეში და ეს დაიწყო იქიდან, როცა ღონისძიებებსა და ფესტივალებზე მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულებას გვთხოვდნენ. ვერ ვახერხებდი ერთი სიმღერით  წარმომეჩინა ჩემი კოლექტივების შესაძლებლობები. გადავწყვიტე სუიტების კეთება. რეპერტუარს  განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევ,  მიწევს ლექსების შეთხზვაც, ბევრი რამაა გასათვალისწინებელი – მომღერლების დიაპაზონი, სიმღერების თანხვედრა და სხვა ბევრი რამ, რაც საბოლოოდ საუკეთესო შედეგს მაძლევს. შედეგად მეც კმაყოფილი ვარ და ჩემი მსმენელიც. განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ჩემს მიერ შექმნილი სუიტები პროფესიონალებში, რაც მაბედნიერებს და სტიმულს მაძლევს ვაკეთო კიდევ უფრო მეტი.  თითქმის ყველა კუთხის სუიტა მაქვს გაკეთებული, რომლის გვირგვინად შეიძლება ჩაითვალოს სუიტა „ჩემი საქართველო“, რომელმაც 2 ფილარმონიაში გამართულ ფესტივალზე „ოქროს მართვე-2004“  უდიდესი აღიარება და საუკეთესო კოლექტივის  წოდება მიიღო.

თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ქართული ფოლკლორის ხიბლი, რაც    განაცვიფრებს მსოფლიოს?

ქართული ხალხური სიმღერა  არაჩვეულებრივი და გამორჩეულია თავისი მრავალხმიანობით, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების ფოლკლორში ისე არ  არის გამოხატული. ქართული სიმღერა გამორჩეულია თავისი  მრავალფეროვნებით. ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თოთოეული კუთხის სიმღერა თავისი ხასიათითა და სტრუქტურით ძლიერ განსხვავდება ერთმანეთისგან, ახასიათებთ სხვადასხვა პოლიფონიურობა, სწორედ  ეს ანცვიფრებს მსოფლიოს.

მუსიკას დიდი ადგილი უკავია თქვენს ოჯახში, თქვენი მეუღლეც ცნობილი ლოტბარია, გვიამბეთ, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

სიმღერამ  შეგვახვედრა ერთმანეთს. ერთმანეთი თბილისის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებელში გავიცანით. მისაღებ გამოცდაზე ორი ხუთიანი დაიწერა. როდესაც დავინტერესდით აღმოჩნდა, რომ ორი ხუთიანი მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ მივიღეთ. ასე გავიცანით ერთმანეთი და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შემდგომ სიყვარულში გადაიზარდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შევქმენით ოჯახი. გვყავს ორი ქალიშვილი და ექვსი შვილიშვილი.

კონცერტებზე  მაყურებელი, ტიკარაძეების მომღერალი ოჯახის გამოსვლას  დიდი ოვაციებით ხვდება…

ახლა უკვე შვილიშვილებთან ერთადაც მომიწია გამოსვლა. მახარებს, რომ უკვე მათაც მოასწრეს თავის გამოჩენა და შეაყვარეს თავი მსმენელს.

 რა არის თქვენი სანუკვარი ოცნება და რას ურჩევდით მომავალ თაობას?

ხალხთა შორის გაქრა სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, გაცივდა ურთიერთობები.  ყოველთვის მინდა მესმოდეს კარგი სიტყვა კარგ ადამიანებზე. მომავალ თაობას მინდა ვუთხრა – ერთმანეთის მაგალითზე  ისწავლეთ ავისა და კარგის გარჩევა. ნუ დაიზარებთ, დადებითი კუთხით შეხედეთ ყველას. ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე თქვენს სიძლიერეზეა დამოკიდებული. მე ყოველთვის ვცდილობდი ისე მეცხოვრა, შუბლის ძარღვი არ გამეწყვიტა ცხოვრების გასაიოლებლად. აკი გვირჩევდა კიდეც ცხონებული ნოდარ დუმბაძე – „შუბლის ძარღვი არასდროს უნდა გაიწყვიტოო“. მინდა ყველას ახსოვდეს, რომ  „ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცადეთ, რომ ანათოს!“

ავტორი: ანა ჯახაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად