გიორგი ვაშაძე: შეთანხმების მიუხედავად პარლამენტში არშესვლაზე პოზიციები იყო, მაგრამ სერიოზული დისკუსია არ გვქონია

შეთანხმების მიუხედავად პარლამენტში არშესვლაზე პოზიციები იყო, მაგრამ სერიოზული დისკუსია არ გვქონია, – ასე ეხმაურება “რუსთავი 2”-ის ეთერში “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის ლიდერების ნაწილი პარლამენტში შესვლას შეთანხმების მიუხედავადაც არ აპირებდნენ, სანამ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნებოდა ოფიციალურად.

“ეს ნამდვილად არ არის საზოგადოების მოთხოვნა, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ამომრჩევლის, რომ შეთანხმება რომც მოხდეს, მაინც არ უნდა შეთანხმდეთო. აბა დიალოგი ფარსი ხომ არ არის? ჩვენ ვაფიქსირებდით თავიდანვე ამ პოზიციას, რომ მზად ვართ შეთანხმებისთვის.

პირდაპირ გეუბნებით, შესაძლოა ცალკეულ ადამიანებს ჰქონდათ ასეთი მოსაზრება, მაგრამ ეს საერთო ოპოზიციურ ფორმატში განხილვის საგანი არ ყოფილა. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის წარმოუდგენელია, რომ მიდიხარ მოლაპარაკებებზე და არაფერზე არ გინდა რომ შეთანხმდე. შეთანხმება მე ან ჩემ გუნდს კი არა, ქვეყანას სჭირდება. თანაცხოვრებაზე უნდა შევთანხმდეთ და ეს კატასტროფული დაპირისპირების ფონი უნდა მოვხსნათ, რომელშიც დამნაშავე პირველ რიგში “ქართული ოცნებაა”, რომელიც კიდევ ხელისუფლებაა.

გულწრფელად გეტყვით, ამაზე სერიოზული დისკუსია არ ყოფილა. ვადასტურებ, რომ გარკვეული მოსაზრებები იყო გამოთქმული, მაგრამ მე პირადად ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, იმდენად არარელევანტური მგონია ასეთ პოზიციები არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: “ისინი არ ენდობოდნენ “ოცნებას” ამ 4 პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი, სანამ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებოდა, ისინი არ აპირებდნენ ბოიკოტზე უარის თქმას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...