ირაკლი კობახიძე: ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება.

როგორც ირაკლი კობახიძემ  დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდ ინფიცირებულები.

„პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულები. შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა. მოხარული ვართ, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის – ოდირის შუალედური ანგარიში დადებითად აფასებს საარჩევნო გარემოს. ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს. რაც მთავარია, პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ინციდენტზე და სხვა სამართალდარღვევაზე, რომელმაც საარჩევნო გარემოს პრობლემა შეიძლება შეუქმნას. სწორედ სამართალდამცავი ორგანოების მყისიერი რეაგირების ხარჯზე გახდა და მომავალშიც უნდა გახდეს შესაძლებელი ინციდენტების მაქსიმალური პრევენცია. ყველა გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს საპარლამენტო არჩევნებს, რაც გახდება მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად